იმის გათვალისწინებით, რომ ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, მოვუწოდებდი, კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას – დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან – ოდიშარია
გაუგებარია, რაზე შეიძლება ესაუბროს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, “რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობის გარანტი და რომელსაც ზურაბიშვილისგან განსხვავებით საზოგადოებაში უდიდესი ნდობა აქვს”, – ეს განცხადება დღეს უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.
როგორც ოდიშარია აცხადებს, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ამიტომ დეპუტატი პრეზიდენტს მოუწოდებს, კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას, სადაც დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან.
ოდიშარიას თქმით, “ზედაბალი წონის მქონე პოლიტიკოსი ვერ გამოიწვევს ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია! ასეთი დებატები არ შედგება!”.
“სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კარიერა ისეთი განცხადებებით დაიწყო, რომლის მიხედვით, ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო, იყო გაუგებარი განცხადებები რელიგიური მიმართულებით და ასე შემდეგ.
შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ბეჩავი სანახაობა იქნებოდა”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.