აჭარაში, დაბა ჩაქვში ძლიერი წვიმის შედეგად ცენტრალური საავტომობილო გზა დაიტბორა. მიმდებარე სოფლებში კი წყალი საცხოვრებელი სახლების ეზოსა და სარდაფებში შევიდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დასრულებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგენილია მოძრაობა.
“რამდენიმე მისამართზე დაიტბორა ეზო, სადაც უკვე განხორციელდა წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
ამ დროისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს ყველა შესაბამისი სამსახური”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სტიქიის შედეგად დაშავებულებზე ინფორმაცია არ მიუღიათ.