ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) კრამიტის საბურვლის ქვეშ დუღაბის ფენილი მოიხსნა

ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) კრამიტის საბურვლის ქვეშ დუღაბის ფენილი მოიხსნა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტოას კრამიტის საბურვლის ქვეშ დუღაბის ფენილის მოხსნასთან ერთად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები კრამიტის ახალი საბურვლის მოსაწყობად.
„ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე ხარაჩოების მოწყობა გრძელდება. ასევე, მიმდინარეობს ალავერდის საკათედრო ტაძრის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის გადახურვის კვლევით-საპროექტო სამუშაოები.
ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა.
ალავერდში გაიგზავნა 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობას გაეცნო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები