ექსპერტიზის დასკვნით ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა – “მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს”

“კაიფში“ ვიყავი, ელემენტარულზე დავიწყეთ. ალბათ, ჩხუბიც იყო, არ მახსოვს, – ამ სიტყვებით 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს მიმართა.

როგორც სასამართლო პროცესზე სოფიკო ყორიაულმა განაცხადა, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს.

ექსპერტის განმარტებითვე, ბრალდებულს ახასიათებს აგრესიულობა, ზედაპირული ემოციები, ლიდერის პოზიცია სოციალურ გარემოში. საერთო ჯამში, სპეციალისტის თქმით, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა.

ცინდელიანის სიტყვები ექსპერტიზის დღეს: “ხელითაც შევხებივარ.. “კაიფში” ვიყავი, ფხიზელი არ ვიყავი, ღამე იყო, რაღაც ელემენტარულზე დავიწყეთ, მკვლელობა მოხდა, არ მახსოვს, გამთენიისას მოვედი გონს და ქალაქგარეთ ვიყავი, როგორ მოვკალი არ მახსოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები