ირაკლი ალასანია უელსის 160-ე ბრიგადის მეთაურს შეხვდა
საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით უელსის 160-ე ბრიგადის მეთაური იმყოფება. ბრიგადირი მარტინ გემბელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში ირაკლი ალასანიამ ბრიტანელ სტუმარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მომავალში ქართველი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე. ირაკლი ალასანიამ ბრიგადირ მარტინ გემბელს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო და ადამიანური რესურსების მართვის და სხვა სფეროებში გაერთიანებული სამეფოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის თაობაზე. ირაკლი ალასანიამ პაკეტის ფარგლებში, ნატოს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში გაერთიანებული სამეფოდან მაღალი რანგის სამხედრო პირის საქართველოში მოვლინების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ბრიგადირი მარტინ გემბელი საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მან უკვე გამართა შეხვედრები თავდაცვის მინისტრის მოადგილეებთან მიხეილ დარჩიაშვილთან და თამარ ქაროსანიძესთან, ასევე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ გიორგი კბილცეცხლაშვილთან. ბრიტანელი სტუმარი ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადას, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისსაც“ ესტუმრა. უელსის 160-ე ბრიგადის მეთაურის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.