დედა თამარი: პატრიარქის სიყვარული დასჯადი გახდა
ჯვრის მამის მონასტრის მონაზონი დედა თამარი დუმილს არღვევს და გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრობს. ლოგინად ჩავარდნილი მონაზონი აცხადებს, რომ ეკლესიაში პატრიარქის სიყვარული დასჯადი გახდა. როგორც დედა თამარი ამბობს, მას უწმინდესი შვილივით უყვარს და ამ სიყვარულის გამო მედიასთან საუბარს ერიდებოდა. მისი თქმით, შიმშილობის სამი დღის განმავლობაში საპატრიარქოდან არავინ შეხმიანებია, თუმცა ამაზე პასუხი უწმინდესსაც არავინ არ უნდა მოსთხოვოს.
„არავის მისცეთ საშუალება, გაგვილანძღოს, იგი არაჩვეულებრივი ადამიანია. მას ყველაფერს რომ ეუბნებოდნენ, ამდენი იმედგაცრუება არ იქნებოდა. ამდენ ხანსაც მხოლოდ უწმინდესის სიყვარულის გამო ვიყავი გაჩუმებული. თუ უფლის სახლში სიყვარული დაიკარგა, სხვაგან სად ვეძებო? თანაგრძნობა დაიკარგა. შესაძლოა, მაქსიმალისტი ვარ, მაგრამ ერთ-ერთ ქადაგებაში უწმინდესმაც ბრძანა, ადამიანი ადამიანისთვის მგელი გახდაო. ჩანს, ასეა, მაგრამ ამის დაჯერება მიჭირს. ეკლესიაშიც ადამიანები ვართ“, – აცხადებს დედა თამარი.
მისი თქმით, წასასვლელი არსად აქვს, თორემ კელიას დღესვე დატოვებდა.
„ღმერთს არ გავურბივარ… უფალი, აქ რომ მოვედი, მაშინ კი არ შემყვარებია, ეკლესიაში ღმერთის სიყვარულმა მომიყვანა, მაგრამ ერში სიმართლისთვის შვილი მომიკლეს, ბერში სიმართლისათვის მე მკლავენ… მოსახლეობას მივმართავ: ერთმანეთს გაუფრთხილდით, წუთისოფელი ისედაც შემოკლდა, სიკვდილი გაახალგაზრდავდა. სიტყვით მაინც ნუ მოუკლავთ ერთმანეთს გულს, რადგან პირველად იყო სიტყვა და სიტყვა არის ღმერთი!“ – ამბობს დედა თამარი.