კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა

თბილისის მერმა კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცმანქანების პრეზენტაცია გამართა. ევროპული სტანდარტების სპეცტექნიკა, რომელიც მუნიციპალიტეტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სასესხო შეთანხმების ფარგლებში შეისყიდა, აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით და გამოიყენება სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის – დასუფთავებისთვის, ნარჩენების შეგროვებისა და პოლიგონზე განთავსებისთვის, სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების გამართულობისთვის.

დედაქალაქის მერმა ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

„მინდა გავიხსენო 2017 წელი, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით. ის შედგებოდა 7 ძირითადი მიმართულებისგან – ერთ-ერთი მთავარი იყო გარემოს დაცვა, ეკოლოგიაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები არსებობდა. გვახსოვს წლები, როდესაც რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების გასხვისება ხდებოდა და გარკვეული სახის მშენებლობა ხორციელდებოდა. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა, პოლიტიკა და მიდგომები შეიცვალა. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ზრუნვა გარემოზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეკრეაციულ სივრცეებს. მოგვიწია ბევრი გასხვისებული არეალის გამოსყიდვა და იქ მშენებლობის ნაცვლად, პარკები და სკვერები გაკეთდა. ასევე, დავიბრუნეთ გასხვისებული სტადიონები, რომლებიც დღეს ჩვენს პატარებს ემსახურება, რათა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა ეკოლოგიის გაუმჯობესებასა და მყარი ნარჩენების მართვაში სპეცტექნიკის მნიშვნელობას. მანვე მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მიღწეული შედეგისთვის.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, შესაბამისი ტექნიკის გარეშე შეუძლებელია ამ ყველაფერზე ზრუნვა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

მადლობას ვუხდი „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, თითოეულ თანამშრომელს. ეს ადამიანები ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის სისუფთავეზე. ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ ქალაქი იყოს განათებული, მოწესრიგებული. მადლობა დედაქალაქის მერიის თითოეულ თანამშრომელს. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) დახმარებისთვის. მათი ფინანსური მხარდაჭერით შევძელით აღნიშნული პროექტის განხორციელება.
შევიძინეთ 65 ერთეული სპეცტექნიკა. 52 უკვე ადგილზეა. აქ არის სხვადასხვა სახის მანქანები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ქუჩები იყოს სუფთა, ნარჩენების დროული, უსაფრთხო და უპრობლემო გატანა მოხდეს დედაქალაქიდან. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობდეს ძალიან კარგად, შეფერხებების გარეშე. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი შენაძენი გვაქვს, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ აისახება დედაქალაქზე, ამ ქალაქში მცხოვრებლებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული გარემო, ეკოლოგიაზე კიდევ უფრო ზრუნვა, რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების გაკეთება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა. მართალია, უკვე არაერთი მსგავსი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ მხოლოდ ამაზე არ ვჩერდებით და სამომავლოდ, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს ქალაქს, აქ მცხოვრებ ადამიანებს და ყველას, ვისაც ქალაქის განვითარება, წინსვლა და აღმშენებლობა უხარია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მიმართვის შემდეგ, კახა კალაძემ, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ დავით ფაჩულიასთან ერთად სპეცტექნიკა დაათვალიერა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შესყიდული სპეტექნიკის ნაწილი დედაქალაქს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მიეწოდება. 65 ერთეული სპეცმანქანის ღირებულება დღგ-ს გარეშე 9 564 750 ევროს შეადგენს (დღგ-ს ჩათვლით 11 286 405 ევრო). შესყიდულია სხვადასხვა ტიპისა და მოცულობის ნარჩენების შემგროვებელი სატვირთოები, ქუჩის მექანიკური მხვეტავი მანქანები, ევაკუატორი, ღია სატვირთო ავტომობილი ჰიდრავლიკური ამწით, სატვირთოები ტელესკოპური ამწე კალათით, ასევე, სხვადასხვა ზომის სატვირთო მანქანები თვითმცლელით, სანიაღვრე ქსელების წნევით გასარეცხი კომბინირებული სპეცმანქანები, ასფალტის გადამზიდი სატვირთო, ნარჩენების სატკეპნი კომპაქტორი და სხვა. ევროპული კომპანიების – „ივეკოსა“ და „დულევოს“ მიერ წარმოებული სპეცმანქანები აწყობილია იტალიაში, ესპანეთსა და თურქეთში, ერთი კომპაქტორი კი ფინური კომპანია „ტანას“ წარმოებისაა.
გარდა ამისა, დედაქალაქის, კერძოდ, „თბილსერვის ჯგუფის“ ბიუჯეტითაც ხორციელდება სპეცტექნიკის შესყიდვა. 2024 წელს შემოყვანილია 24 ერთეული ახალი სპეცმანქანა, რაც უკვე ემსახურება ქალაქს. ახლო მომავალში ასევე შემოვა 15 ერთეული, ხოლო წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტი ნარჩენების შემგროვებელ კიდევ 10 მანქანას შეიძენს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები