საქართველოში ალოობაა – როგორია წელს ხორბლის მოსავალი და რა ვითარებაა ბაზარზე
საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება დაწყებულია. როგორია წელს მოსავალი – ამ საკითხთან დაკავშირებით „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„რეალურად, წელს საკმაოდ ნორმალური მოსავალია. როგორც ჩვენი კოლეგები, მარცვლეულის მწარმოებლები ამბობენ, დაახლოებით, 150 000 ტონაა, რაც წლიდან წლამდე საშუალო ნორმაა. ხარისხის მიხედვით თუ შევხედავთ, ჯერჯერობით, ხარისხზე ბოლომდე ვერ ვისაუბრებთ იმიტომ, რომ ხორბლის მოსავლის აღება ჯერ კახეთში დაიწყო, შემდეგ არის შიდა და ქვემო ქართლი. შესაბამისად, სადღაც 1 თვეში გვეცოდინება რამდენია სასურსათო და რამდენი საფურაჟე. ერთს ვიტყვი, ჩვენი კოლეგების, მემარცვლეების დადასტურებით, დაახლოებით, 1 თვის წინ უკეთესი პროგნოზი იყო, ახლა მოსავლის აღების წინ ალაზნის ველზე გარკვეული პრობლემები შეიქმნა, კომბაინები ვერ შევიდნენ, წყალი იდგა. შესაბამისად, ცოტა ხარისხიც გაფუჭდა მაგრამ შემდგომში, ახლა მოსავლის აღება რაც მიმდინარეობს, ასე თუ ისე უკეთესია, ვიდრე შარშან, რაოდენობრივადაც და ხარისხის მხრივაც. ფასიც, შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელთან შედარებით უკეთესი უნდა იყოს.
პურის ფასთან მიმართებაში თუ ავიღებთ, პურის ფასი აქამდეც სტაბილური იყო. მინიმუმ წელიწად-ნახევარი პურთან დაკავშირებით სტაბილური ფასი იყო. 1 ტომარა ფქვილის ფასი 47 ლარი, 45-ც იყო, ახლა სადღაც 52 ლარის ფარგლებშია, თუმცა 52 ლარი ის ფასია, რომელიც სტაბილურობას ინარჩუნებს”- განაცხადა სილაგავამ.
მანვე ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.
“თუ მსოფლიო ტენდენციებს შევხედავთ, რადგან ქართული ბაზარი მაინც მსოფლიო ტენდენციებს მიჰყვება და ფასების ფორმირება აქედან გამომდინარე ხდება, ჯერჯერობით, ამ წუთისთვის ხორბალთან დაკავშირებით ფასების დაღმასვლა მიმდინარეობს.
იქაც იგივე სიტუაცია იყო, რაც საქართველოში. მაისში, ივნისის დასაწყისში პროგნოზი იყო, რომ ფასები უფრო მაღალი იქნებოდა, რადგან რუსეთში მაისის ყინვები იყო, რამაც ხორბლის მოსავლის წინაპირობას გარკვეული დაღი დაასვა, მაგრამ ახლა რეალურად ის მოხდა, რომ რუსეთში ხორბლის მოსავლის აღება ადრეულად დაიწყო, სამხრეთ რეგიონებში, სადაც საექსპორტო მიმართულებაა ზღვასთან ახლოს , ესაა კრასნოდარი, სტავროპოლი და როსტოვის ოლქი. აქ რეალურად, ხორბლის აღების ტენდენცია და ძველი მოსავლის “გამოყრის” ტენდენცია დაემთხვა, რომ მარაგებისთვის შესანახი მეურნეობები გაეთავისუფლებინათ. ამან ფასზე იმოქმედა. მეორე ფაქტორი რუსეთში რუბლის გაუფასურება იყო. მესამე ფაქტორი – ხორბლის საექსპორტო ბაჟის დაანგარიშების მეთოდიკა შეიცვალა. ისე შეიცვალა, რომ, ფაქტობრივად, ხორბლის გამოსატანი ბაჟი შეიცვალა, უფრო შემცირდა.
ამ სამმა ფაქტორმა იმოქმედა იმაზე , რომ ფასების შემობრუნება მოხდა და დღეს დაღმავალია. 1 ტონა შემოტანილი ხორბალი , წისქვილში მოტანილი 3 კვირის – 1 თვის წინ დაახლოებით 800 ლარის ფარგლებში იყო, რაც 1 კილოზე 80 თეთრია, მაგრამ ახლა დაღმავალი ფასის მიმართულებით რადგან შეიცვალა, დღეს 1 ტონა 730-750 ლარია, რაც კილოგრამებში 1 კილოზე 73-75 თეთრია. აქ იმპორტირებულზეა საუბარი. ქართულის ჩასაბარებელი ფასი დღეს წისქვილში 60- 65 თეთრის ფარგლებშია. ეს სხვაობა იმიტომაა, რომ იმპორტირებული ხორბლის ჩათვლა ხდება დღგ-სთან მიმართებაში. რადგან დღგ-ს იხდიან, შესაბამისად წარმოებაში ამის ჩათვლა ხდება. რაც შეეხება ქართულ ხორბალს – მიწოდება გათავისუფლებულია ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქცია. შესაბამისად, ეს დღგ-ს გარეშე ხორბალია.
წელს მოლოდინი შემდეგია: მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ხორბლის აღება, დაბინავება, ნაწილის გატანა დამთავრდება, ხორბლის აღების სამუშაოები გადაინაცვლებს რუსეთის შუა წელში, სექტემბერში უფრო ზემოთ, ციმბირისკენ, შემდეგ იქ ყაზახეთი შემოდის. ამ მხრივ ლოჯისტიკა უფრო ძვირდება, რადგან პორტებთან შორსმდებარე რეგიონებია. შესაბამისად, ამ დროს ფასის გაზრდაც მოსალოდნელია. ანალიტიკოსები ამ ტენდენციას უყურებენ, ფიქრობენ, რომ სექტემბრისთვის ფასი, შეიძლება, უფრო დასტაბილურდეს, ან უფრო მაღლა წავიდეს. ეს პროგნოზია, ყველა, კომპანია იქნება, თუ ფერმერი თავისით წყვეტს, ხორბალი რამდენი გაყიდოს , რამდენი დაიტოვოს, როგორ იმოქმედოს შემდეგში”-განაცხადა სილაგავამ.
ამასთან, “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში” აცხადებენ, რომ წელს პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხორბლის აღება- ჩაბარების შტაბმა დაიწყო მოქმედება.
“გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა. წელს პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედება დაიწყო ხორბლის აღება – ჩაბარების შტაბმა, რომლის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად არიან: “მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის” (მეხორბლეების ), “ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” (წისქვილების) და “პურის მრეწველთა კავშირის” (პურის მწარმოებლების) წარმომადგენლები. შესაბამისად , ხორციელდება ფერმერების, წისქვილკომბინატების და პურის მწარმოებლების ღია და პირდაპირი კომუნიკაცია სასურსათო ხორბლის ჩაბარების კუთხით, როგორც ხარისხის, ასევე ფასის მხრივ. აგრეთვე ბაზარზე ფქვილის და პურის არსებულ ფასებთან დაკავშირებით პირდაპირი მონიტორინგი მიმდინარეობს “- აცხადებენ ასოციაციაში.