„ხელისუფლება უნდა ეცადოს, გამოაცალოს საფუძველი ხმებს იმის თაობაზე, თითქოს შიგნით დაპირისპირებებია“

როგორ ემზადება ხელისუფლება მომავალი არჩევნებისთვის, რა შეცდომებს უშვებს და რა უნდა გააკეთოს ხალხის ნდობის კიდევ ერთხელ მოსაპოვებლად და გამოჩნდება თუ არა 2016 წლის არჩევნებზე ახალი პოლიტიკური ძალა? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში საუბრობს.

– პრესაში უკვე გამოჩნდა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია თუ არა უკვე ვისაუბროთ ამ მიმართულებით ხელისუფლების აქტივობაზე? 

– ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ნათლად აჩვენა საზოგადოებაში მხარდაჭერის ვარდნა, მმართველი ძალა მიხვდა, რომ „გადაირაღების“ გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე დადგა. ბოლო რამდენიმე კვირის საინფორმაციო ნაკადი ნათლად გვიჩვენებს, რომ ხელისუფლება წინასაპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.
ხელისუფლებამ საინტერესო ტაქტიკა აირჩია, კერძოდ: საზოგადოებრივად აქტიური სივრცის მოდელირება, რაც ნიშნავს შემდეგს: ახალი მოთამაშეების – ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაცეიბის შემოყვანა სამოქალაქო სექტორში და მათით ძველების ჩანაცვლება; არსებული საზოგადოებრივად აქტიური პირებისა თუ ჯგუფების ნაწილის მიბმა;  პარალელურად, იმ თემების „ათვისება“, რომლებიც ისედაც გააქტიურდება არჩევნების მოახლოვების კვალობაზე და დასწრებაზე მუშაობა: მაგალითად, საარჩვენო თემატიკაზე უკვე გამოჩნდა იმ ენჯოების განცხადება, რომლებიც იმუშავებენ საარჩევნო რეფორმაზე ხელისუფლებასთან უნისონში. ხელისუფლება ითანამშრომლებს ამ ნჯო-ებთან და არა სხვებთან; გაითვალისწინებს ამათ რეკომენდაციებს და არა – სხვისას.
ამასთან, ხელისუფლება აუცილებლად გააქტიურდება ახალგაზრდობის მიზიდვა-ჩართულობის კუთხითაც. ამაზე მეტყველებს ის ინიციატივები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაცია „მოქალაქე“ განახორციელებს მოსწავლეებისა და სტუდენტების სამოქალაქო ინიციატივების წახალისებისთვის.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია ხელისუფლების ასეთი ტაქტიკა?

– გასარკვევია რა არის ამ შემთხვევაში სახელისუფლო ჯგუფების მიზანი: ახალგაზრდობის სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობა თუ მეხოტბეებისა და ტაშისმკვრელთა არმადის ფორმირება. რატომაც არა?! თუ ხელისუფლება ცდილობს სივრცეში ახალი სახეების, საზოგადოებრივად აქტიური და პასუხისმგებლიანი ჯგუფების შემოყვანას. ყველაფერ ამაში ცუდი არაფერია, თუ  ამოსავალი პრინციპი იქნება ამ ადამიანების ინიციატივიანობის გამოყენება და არა მათი დაქვედმდებარება და მორჩილ ან მლიქვნელ მასად ქცევა. ასე რომ თავიდანვე უნდობლობით მიდგომა ხელისუფლების ამ აქტივობისადმი, მართებულად არ მიმაჩნია.
უდავოდ ცუდი გახლავთ ის, რომ ამის პარალელურად ხელისუფლება ცდილობს იმ ადამიანების, ე.წ. საზოგადოებრივი აზრის ლიდერების და ჯგუფების მარგინალიზებას, ვინც მისი თუნდაც ცალკეული ნაბიჯების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი ანუ ზოგადად რომ ვთქვათ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების თუ ორგანიზაციების მარგინალიზებას და გარიყვას, მათ შორის, მედიის. ამ მიზნით ხელისუფლებამ მარტივი ფორმულა შემოიტანა საინფორმაციო ველში: ყველა, ვისაც ხელისუფლებისგან განსხვავებული ხედვა აქვს, შეგნებულად ამახინჯებს რეალობას და არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი. უფრო მეტიც, ამავე სახელისუფლო „ლეგენდის“ ნაწილი გახლავთ კიდევ ერთი „მტკიცება“, რომ ყველა ახალი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც 2016 წლამდე ასპარეზზე შეიძლება შემოვიდეს, ასევე ცხვრისქურქგადაცმული „ნაციონალური მოძრაობაა“. ასე რომ, ფხიზლად იყავით, არ მოტყუვდეთ ხალხო: ნებისმიერ, ხელისუფლებისგან განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანს ხელში „ნაციონალური“ ცოცხი უჭირავს. უბრალოდ, თქვენ ახლა ამას ვერ ხედავთ, მაგრამ 2016 წლის არჩევნების მერე დაინახავთ. დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად არ არის პატიოსანი და ღირსეული მიდგომა ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ეს არის პოლიტიკური სივრცის ხელოვნურად მოსუფთავების მცდელობა. „ქართული ოცნების“ წინსაარჩევნო დაპირებებიდან კი მე პირადად ყველაზე მეტად ის მხიბლავდა, რომ კონკურენტული, მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სივრცის ხელშეწყობის პირობას დებდა.

– რა ალტერნატივები აქვს ხელისუფლებას?

– უამრავი: უპირველესად ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას კადრების მორჩილების ნიშნით შერჩევის პრინციპზე და ახალ, საინტერესო სახეებს რეალურად გაუხსნას გზა. არადა ამის რესურსი აქვს: ჩემთვის, მაგალითად, აღმოჩენა იყო სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე – კვალიფიციური, არგუმენტირებული, სუფთა;  პერსპექტიულია თავად სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის ფიგურაც, მისი ჯერჯერობით სულ რამდენიმე გამონათქვამით თუ ვიმსჯელებთ;
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ გამოაცალოს საფუძველი ხმებს იმის თაობაზე, თითქოს მის შიგნით დაპირისპირებებია და ყველა საზოგადოებისთვის მისაღები და პოპულარული ფიგურის გვერდზე გაწევა ხდება. ხელისუფლება ალბათ ხვდება, რომ მის ინტერესებში ნამდვილად არ არის მოარული ხმების გავრცელება მაგალითად, იგივე კახი კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაზე. მით უფრო, რომ ალოგიკურია ეს დაპირისპირება რომელიმე მხარეს აწყობდეს ან ზოგადად, ხელისუფლების იმიჯს რამეს მატებდეს იმაზე საუბარი, რომ მთელი მისი ენერგია შიდა დაპირისპირებების გაღვივებას თუ მოგვარებას ხმარდება;

– თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ხელისუფლების შიგნით არსებული რეალური განწყობაა?

– თუ ასე არაა და ეს მიზანმიმართული კამპანიაა კონკრეტული შედეგით – საზოგადოებას გაუჩინონ ნიჰილიზმი, არჩევნების დროს ასეთი განწყობა, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად აისახება. მაშინ ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს ვის აწყობს მსგავსი ინფორმაციების გავრცელება ხელისუფლების გარეთ ან შიგნით. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ხმების განეიტრალება მისივე საზრუნავია და არა საზოგადოების. ადამიანები იმაზე უნდა ფიქრობდნენ როგორ იყვნენ წარმატებული მინისტრები და არა იმაზე, როგორ აარიდონ თავი დაგებულ მახეებს, მით უფრო, რომ ენერგეტიკის სფერო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, მის მიმართ უცხოეული ინვესტორების დაინტერესებით თუ ვიმსჯელებთ.
და კიდევ ერთი და მთავარი: ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს არა სხვისი შავი პიარის კეთებაზე და საარჩვენო კამპანია „მტრის ხატის“ შემოტანასა და ნეგატივზე კი არ უნდა ააგოს, არამედ ეცადოს თავად გახდეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივების  ავტორი და გენერატორი, იგივე ენერგეტიკის სფეროში, სადაც უზარმაზარი რესურსებია; უსაფრთხოების სფეროში, სადაც საერთაშორისო გარემო გამოწვევების გარდა სერიოზულ შანსებსაც გვთავაზობს; განათლების მიმართულებით და ა.შ. და რაც მთავარია, ისწავლონ საკუთარი მიღწევები ხალხის მიღწევებად აქციონ. თორემ სასაცილო ვითარებაა: ხელისუფლებას საკუთარი მიღწევების დემონსტრირება რცხვენია და მართული მედია-საშუალებების მეშვეობით სხვისი „შავი პაირის“ კეთება  კი – არა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები