ერთად ვმუშაობთ, რომ საქართველოს შევთავაზოთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, ის ჯერ კიდევ ღიაა – თომას ჰაკერი
ერთად ვმუშაობთ, რათა შევთავაზოთ საქართველოს ის გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, ის ჯერ კიდევ ღიაა და ერთად თანამშრომლობით შეგვიძლია, გავუყვეთ ამ გზას ისევ, ეს არის ზუსტად ევროპული მიდგომა, ევროპული გზა, – ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა თომას ჰაკერმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თომას ჰაკერის თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს თავისი ხალხისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება.
„იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ საქართველოს ენიჭება კანდიდატის სტატუსი, საქართველოს დელეგაცია იყო ჩამოსული ჩვენთან, ყველანი ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვიყავით. ვსაუბრობდით იმაზე, რომ ახლა დრო არის და შეგვიძლია, შემდგომი ნაბიჯებიც კი გადავდგათ. საქართველოს დელეგაციის საპასუხოდ, ჩვენც ჩამოვედით აქ ვიზიტით აპრილში. სამწუხაროდ, შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან იმ მომენტში აღმოჩნდა შეუძლებელი იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, პარლამენტში განსახილველად დაებრუნებინა ის კანონი, რომელიც ერთი წლის წინ პარლამენტიდან გაიტანეს. ერთი წლის წინ, როდესაც მოხდა ამ კანონის უკან გატანა, მკაფიოდ გაიცა დაპირება და ითქვა, რომ ამ კანონს არასოდეს დააბრუნებდნენ. სამწუხაროდ, ეს დაპირება არ შესრულდა. კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ფაქტორი ევროკომისიისთვის იყო ზუსტად ამ კანონის გაწვევა. ადრე „აგენტების კანონი“ ერქვა, ახლა ჰქვია „გამჭვირვალობის კანონი“. ძალიან სწრაფად, დაჩქარებულად მოხდა მისი მიღება პარლამენტში და მას უკვე მოჰყვა სხვა კანონებიც“, – განაცხადა ჰაკერმა.