ლაშა დარსალია: ნატოს სამიტის ფარგლებში დღეს გაიმართება ძირითადი ღონისძიებები, იქნება შესაძლებლობა ღონისძიებებში ჩართულობის და საქართველოს პოზიციების წარმოდგენის

ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ნატოს სამიტის ყველა ღონისძიებაში, გარდა ამისა, გაიმართა მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ნატოს ვაშინგტონის სამიტზე.

„მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ნატოს ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც არის ასევე საიუბილეო სამიტი და აღინიშნება ორგანიზაციის დაარსების 75 წლისთავი. გუშინ გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები, დღეს არის მთავარი დღე, როდესაც ძირითადი ღონისძიებები იქნება. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში, გარდა ამისა, გაიმართა მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც საქართველოს და ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები და საკითხები იქნა განხილული. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს შეხვედრები პირველ რიგში აღსანიშნავია იმ თვალსაზრისით, რომ საჭირბოროტო საკითხებზე და ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ხდება მსჯელობა და ისახება გეგმები შემდგომი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამართული მიღება იყო, რომლის დროსაც როგორც მასპინძელ ქვეყანასთან, ისე პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების და სხვადასხვა საკითხების განხილვის შესაძლებლობა იყო.

„დღეს არის მთავარი დღე, როდესაც გაიმართება ძირითადი ღონისძიებები, სადაც მონაწილეობენ ალიანსის წევრების გარდა პარტნიორი ქვეყნები, სადაც საქართველო არის შესაბამისად წარმოდგენილი. აღნიშნული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებლობა ამ ღონისძიებებში ჩართულობის და საქართველოს პოზიციის წარმოდგენის, ასევე პარტნიორებთან მოსაზრებების ურთიერთგაცვლის და შემდგომი თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე საუბრის“, – განაცხადა დარსალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები