მიტოვებული სოფელი ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის შუაგულში, რომელიც ტურისტულ ადგილად იქცა
საბჭოთა მეშახტეების სოფელ პირამიდას დრომ ვერაფერი დააკლო. ის შპიცბერგენის არქიპელაგზე მდებარეობს. ადამიანებმა ის, დაახლოებით, 20 წლის წინ მიატოვეს. სიცივე მათ კვალს ინახავს.
სოფელი 1910 წელს შვედებმა დააარსეს, რომლებმაც არქიპელაგზე ნახშირის მოპოვების უფლება მიიღეს. დასახელება ახლომდებარე მთის პატივსაცემად მიიღო. 17 წლის შემდეგ შახტა ტრესტმა „არქტიკუგოლმა“ შეიძინა და სოფელი საბჭოთა გახდა. ჩრდილოეთ პოლუსიდან 1300 კილომეტრში ააშენეს საცხოვრებელი სახლები, სკოლა, თეატრი, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, ორი სასაფლაო (ერთი ადამიანებისთვის, მეორე – კატებისთვის) და სპორტული კომპლექსი აუზით, რომელსაც გათბობა ჰქონდა.
სსრკ-ის დაშლამდე პირამიდაში ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. 90-იან წლებში სოფლის შესანახად თანხები, ცხადია, არ იყო. უკანასკნელი მეშახტეები კონტინენტზე 1998 წლის მარტში დაბრუნდნენ.
სამზარეულოს ჭურჭლის დასტები, საწოლის თეთრეული, საბეჭდი მანქანები, მუსიკალური ინსტრუმენტები და მეშახტეების ძვირადღირებული მოწყობილობები – ხალხს ყველა ამ ნივთის წაღება შეეძლო, მაგრამ იქ დატოვა. თითქოს, მათ სასწრაფოდ მოუწიათ სოფლის დატოვება.
2007 წელს დასახლებას სიცოცხლე დაუბრუნეს. „არქტიკუგოლმა“ იგი ტურისტულ ადგილად აქცია. გადაღებეს კედლები, განაახლეს ინტერიერი, ერთ-ერთ შენობაში სასტუმრო მოაწყვეს და ააშენეს ახალი ელექტროსადგური. რამდენიმე წლის შემდეგ იქ მუზეუმიც კი გაკეთდა.
სტუმარი ბევრი არაა, მაგრამ 30 ადამიანს, რომელიც იქ მუდამ ცხოვრობს, პერიოდულად სამუშაო უჩნდება.