თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სერჟანტთა კორპუსის წარმომადგენლებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისთვისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
“სერჟანტთა კორპუსს მნიშვნელოვანი როლი გაკისრიათ თავდაცვის ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ, თქვენ უდიდესი ნდობა გაქვთ და იმედი ხართ თითოეული ჩვენგანისთვის”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მინისტრმა, სახელმწიფოსა და უწყების სახელით, მხარდაჭერა აღუთქვა სერჟანტებს მათი შესაძლებლობების გაძლიერებისა და პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით. პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“, ნაწილმა კი, სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები მიიღო.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და „ჯარის ბანაკში“ მონაწილე სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
საქართველოში სერჟანტთა საკონტრაქტო პროფესიული ინსტიტუტის ჩამოყალიბება 2002 წლიდან იღებს სათავეს. სერჟანტთა კორპუსის დღედ 25 ივნისი დაწესდა. თავდაცვის ძალებმა სერჟანტთა პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან დღეს საზეიმოდ აღნიშნა.