2 ივლისს თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2 ივლისს, 22:00 საათზე გულშემატკივარი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება.
„ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს.
ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული.
21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ.
22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.