ინდოეთის ეროვნული გმირი – მებრძოლი ქალის, ლაქშმი ბაი-რანის ისტორია

ლაქშმი ბაი-რანი დაიბადა 1828 წლის 19 ნოემბერს ვარანასში, მთავრის ოჯახში. მისი მამა იყო მორფანტ თამბი, ხოლო დედა ბაგირატი ბაი, რომელიც გარდაიცვალა მაშინ, როცა გოგონა მხოლოდ ორი წლის იყო. მის ბავშვობაზე და ახალგაზრდობაზე ცნობები, თითქმის, არ მოიპოვება, თუმცა ცნობილია, რომ გოგონამ მიიღო შესანიშნავი განათლება, მშობლების წყალობით და ასევე, ის კარგად იყო გაწვრთნილი საბრძოლო ხელოვნებაში.

თოთხმეტი წლის ასაკში ბაი-რანი ცოლად გააყოლეს ჯანსის ახალგაზრდა მთავარს, განგადარა რაოსს. სწორედ გათხოვების შემდეგ, ინდური ეტიკეტის თანახმად, როგორც გათხოვილ ქალს, ეწოდა „ლაქშმი“. გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს, წყვილი სრულ ჰარმონიაში ცხოვრობდა. როგორც ჩანს, ლაქშმი ბაი სწორედ გათხოვების შემდეგ დაეუფლა საბრძოლო ხელოვნებას. დაახლოებით, 1851 წელს ლაქშმის შეეძინა ვაჟი, რომელიც, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა. ცოტა ხნის შემდეგ ლაქშმის მეუღლეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა და გაჩნდა სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ჯანსის გვარს გამგრძელებელი აღარ ეყოლებოდა, ამიტომ მათ ბავშვის აყვანას ურჩევდნენ. 1853 წლის 21 ნოემბერს, მძმედ ავადმყოფობის შემდეგ ჯანსის მთავარი გარდაიცვალა და მართლაც, ლაქშმი დარჩა უშვილო, ახალგაზრდა ქვრივად. მან სამგლოვიარო თეთრი სამოსი მხოლოდ ცამეტდღიანი გლოვის და ლოცვის შემდეგ გაიხადა. ლაქშმისთვის ახალი სიცოცხლის და მისი სულის გამოღვიძების დასაწყისი სიფაელთა აჯანყებაში მონაწილეობა გახლდათ.

1857 წელს მან სიფაელთა აჯანყებაში არა მხოლოდ აქტიური მონაწილეობა მიიღო, სათავეში ედგა საკუთარ რაზმს, მოუწოდებდა ბრძოლისაკენ და თვითონაც თავდადებით ებრძოდა უცხოელებს. მის შესახებ ნურუ წერს:

„ერთი სახელი გამოირჩევა სხვა სახელებისაგან. იგი დღემდე მოწონებით სარგებლობს ხალხის ხსოვნაში, ეს სახელი არის – ლაქშმი ბაი, ჯანსის რანი, ოცი წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც დაეცა ბრძოლის ველზე, აჯანყებულთა ბელადებს შორის „ყველაზე უკეთესი და უმამაცესი“, როგორც უწოდა მას მის წინააღმდეგ მებრძოლმა ინგლისელმა გენერალმა.“

მან საბრძოლო ხელოვნების ცოდნა გამოიყენა აჯანყებაში და ბევრ მამაკაც მეომარზე უკეთაც კი ახერხებდა მტრის მოგერიებას. ლაქშმისგან განსხვავებულად მოიქცა ბევრი ინდოელი მთავარი და ფეოდალი. მათი დიდი ნაწილი გაერიდა აჯანყებას, ნეიტრალიტეტი დაიცვა და დაელოდა მოვლენების განვითარებას. ლაქშმი კი, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ამხნევებდა და წინ მიუძღოდა თავის რაზმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები