9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლების პროცესი მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„პირველი, რაც კეთდება, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომელიც, როგორც ნახეთ, მძიმე მდგომარეობაში იყო. შესაბამისი კომპანიები ჩართულები არიან და ივლისის ბოლოს, ვფიქრობთ, ყველანაირად დავასრულებთ სამუშაოებს და კეთილმოწყობას.
არ შეიცვლება პარლამენტის გვერდით არსებული საფეხმავლო ბილიკი. დანარჩენი, ყველაფერი მოწესრიგდება. გარდა ამისა, სამუშაოებით შევედით პარლამენტის უკანა ქუჩაზეც, რომელიც გვინდა, მოვაწესრიგოთ და მთლიანად განვაახლოთ.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება განათების ახალი ბოძები და LED სანათები”, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის სანახავად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ აბაშიძე.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდა. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალა ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელია ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალა და მოძრაობა შესაძლებელია ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.
პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1.5 მლნ ლარით დაფინანსდა და მას ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.