პატარა მომღერალი, რომელმაც მსმენელთა გულები დაიპყრო (ფოტო, ვიდეო)

ის ჯერ მხოლოდ 5 წლისაა, მაგრამ სიმღერას უკვე განსაკუთრებული ადგილი უკავია მის ცხოვრებაში. 6-7 თვის იყო, როცა ბებიამ აღმოაჩინა მისი სიმღერის ნიჭი. როგორც დედა ამბობს, სიმღერას, რომელიც მოწონდა, ზუსტად აყოლებდა ხმას და თავისებურად მღეროდა.
5 წლის საბა ადამაშვილზე მოგითხრობთ, რომელმაც არაერთხელ აღაფრთოვანა მსმენელი სატელევიზიო შოუებსა და გადაცემებში.
საბას დედასთან, მარიამ ადამაშვილთან ერთად ვესაუბრეთ.
პირველად ბაშიაჩუკის სიმღერა იმღერა და 3 წლის იყო, როცა სტუდიაში ჩაწერა კიდეც. ამასთან ერთად, წუნა და წრუწუნას, ასევე მათე ბიჭის სიმღერები ჩაწერა დუეტში „რანინას“ ფინალისტებთან, მარიტა ხვედელიძესთან და ვაჩე ღვინიაშვილთან ერთად. ზაზა გოჩიტაშვილის მუსიკალურ სტუდიაში დღემდე სასურველი სტუმარია და სიამოვნებით წერს ხოლმე საყვარელ სიმღერებს.

„ვოკალის პროფესიონალი პედაგოგი ჯერ არ ჰყავს, რადგანაც ასაკიდან გამომდინარე ჯერჯერობით მისთვის ხმის დამუშავება არ შეიძლება, ამიტომაც მისი პირველი მასწავლებელი ბებიაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი შესრულების შემფასებელი თვითონ არის და ზუსტად, რეალურად აფასებს საკუთარ თავს და ცდილობს, ყველაფერი იმ წამსვე გამოასწოროს. ხშირად ვასმენინებთ სახლში სხვადასხვა სიმღერას და შემდეგ რაც მოსწონს, თავადვე ცდილობს მოსმენილის გამეორებას. რაც მოსწონს, ერთი მოსმენითვე იმეორებს მელოდიას და შემდეგ სწავლობს ტექსტს. ამ ეტაპზე მუშაობს გომარ სიხარულიძის, ჯანსუღ კახიძისა და რევაზ ლაღიძის სიმღერებზე“, – ამბობს მარიამი.
საბას განსაკუთრებულად უყვარს ქართული კინო მუსიკა და სიამოვნებით ასრულებს: სულხან ცინცაძის, გოგი ცაბაძის, მერი დავითაშვილის, არჩილ კერესელიძის სიმღერებს. მის მიერ სხვადასხვა სატელევიზიო შოუში  შესრულებულ ბაში-აჩუკის, აბეზარას, პანკესას სიმღერებს დიდი გამოხმაურება მოყვა.
შეიძლება ითქვას, ეს სიმღერები მის სავიზიტო ბარათად იქცა და სოციალურ ქსელში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ საბას შესრულებულმა პანკესას სიმღერამ კახა ცაბაძის დიდი მოწონება დაიმსახურა.უყვარს საუბარი სხვადასხვა თემაზე და, ასაკის მიუხედავად,  ტელესივრცეში სასურველი სტუმარი გახდა. „პოსტ ტვ“-ს დილის ეთერში შეასრულა მენახშირე ბიჭის  და მათე ბიჭის სიმღერები, რომლის აუდიტორიაც ნახევარ მილიონ მსმენელზე მეტია. დასამახსოვრებელი ეთერი ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში: „პატარების დიდ შოუში“ და „ჩვენი შოუ“,  ასევე „პოსტ ტვ“-ზე“ „მოდი და იმღერე“ ჯაპანასთან, სადაც სიამოვნებით ჰყვებოდა ამონარიდებს საქართველოს ისტორიიდან, ასევე მის შთაბეჭდილებებზე სხვადასხვა მუზეუმთან დაკავშირებით.
„უყვარს ლიტერატურა – ილია ჭავჭავაძის და ვაჟა ფშაველას, გიორგი ლეონიძის, ლადო ასათიანის შემოქმედება. აინტერესებს ყველაფერი საქართველოს ისტორიიდან და იტაცებს სიძველეები, ამიტომაც დიდი სიამოვნებით სტუმრობს სხვადასხვა მუზეუმს. სვანეთის კულტურული გარემო და განსაკუთრებით, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში შემავალი ღირსშესანიშნაობებიც მისი საყვარელი ადგილია. ყველგან დაკვირვებით ისმენს ამბებს, სწავლობს და შემდეგ უყვარს ამ ამბების გაზიარება.
უყვარს სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ქართველ ფეხბურთელებთანაც მეგობრობს და ხშირად სტუმრობს მათ შეკრებებზე. არანაკლებად ხიბლავს ექსტრემალური სპორტი – უყვარს თხილამურებითა და  ციგურებით სრიალი, ბურანის მართვა, ასევე ძალიან უყვარს ქართული ცეკვა.
კლასიკური მუსიკაც ძალიან მოსწონს და ხშირად გვთხოვს, რომ მოვასმენინოთ ვივალდის და მოცარტის ნაწარმოებები“, – გვეუბნება მარიამი.საბას კიდევ ერთი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ასტრონომია და მისი ოცნებაა, მოინახულოს სხვა პლანეტებიც. ბევრ ინფორმაციას ეცნობა გალაქტიკის, პლანეტების შესახებ და საკმაოდ ბევრი დეტალიც იცის ამ მიმართულებით, მათ შორის დედამიწის ბიბლიური ასაკის შესახებ.
„საბა პატრიარქის ნათლულია. ნათლობა უდიდესი საიდუმლოა ქრისტიანისთვის და როცა პატრიარქია ნათლია, ეს კიდევ უფრო განსაკუთრებული სიხარულია და ბედნიერება, როგორც ქრისტიანისთვის და მართლმადიდებლისთვის, თუმცა ამავე დროს – პასუხისმგებლობაც“, – ამბობს დედა, მარიამ ადამაშვილი.

 

                                                                                                                                  თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები