როგორ აღმოაჩინა 15 წლის მოზარდმა მაიას დაკარგული ქალაქი

15 წლის კანადელმა უილიამ გადურიმ მაიას ცივილიზაციის აქამდე უცნობი ქალაქი აღმოაჩინა. მოზარდმა ივარაუდა, რომ მაიას ტომები თავიანთი საცხოვრებლის აშენებისას ვარსკვლავების განლაგებით ხელმძღვანელობდნენ. ერთი შეხედვით, ვარაუდი რეალობისგან შორს იყო, მაგრამ მოგვიანებით, უილიამმა დაადგინა, რომ ინდიელების დიდი და პატარა ქალაქები ზუსტად დიდი თანავარსკვლავედების მიხედვით იყო განლაგებული.

აღმოჩენამდე მოზარდი სამი წლის განმავლობაში სწავლობდა ძველ ცივილიზაციებს. ამ პერიოდში სკოლის მოსწავლემ რუკაზე, 22 თანავარსკვლავედის მიხედვით, 117 ქალაქის კოორდინატის დადგენა შეძლო. როდესაც გადურიმ საგულდაგულოდ შეისწავლა 23-ე თანავარსკვლავედი, მან კიდევ ორი ქალაქის მონახვა შეძლო. სამ ვარსკვლავს იმ ჯგუფიდან მხოლოდ ორი ქალაქი მიესადაგებოდა. მესამეს კოორდინატების გამოთვლის შემდეგ გადურიმ კანადის კოსმოსური სააგენტოდან ამ მიდამოს დეტალური სურათები გამოითხოვა. სურათების მიღებისა და Google Earth-თან შედარების შემდეგ მოზარდმა აქამდე უცნობი ქალაქი აღმოაჩინა, რომელიც მაიას ცივილიზაციას ეკუთვნოდა.

დაკარგული დასახლება ჯუნგლებში მდებარეობს, მექსიკის სამხრეთ აღმოსავლეთით, გვატემალის საზღვართან ახლოს. სურათების უფრო დეტალური შესწავლით, იაპონურმა კოსმოსურმა სააგენტომ და NASA-მ შეძლო, დაედგინა ქალაქში აშენებული პირამიდა და დაახლოებით, 30 ნაგებობა. დასახლებამ მიიღო სახელი K’àak’ Chi’, რაც „ცეცხლოვან პირს“ ნიშნავს. უილიამის მიერ ნაპოვნ ქალაქში მოგვიანებით სამეცნიერო ექსპედიცია გაგზავნეს. კვლევების შედეგები სკოლის მოსწავლემ სამეცნიერო კონფერენციაზე 2017 წელს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები