სახალხო დამცველი: მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ბულინგი, მით უმეტეს, როცა ეს ეხება პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს, არასრულწლოვნებს
მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ბულინგი, მით უმეტეს, როცა ეს ეხება პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს, არასრულწლოვნებს,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანის განაცხადა, რითაც უპასუხა დეპუტატ ირმა ზავრადაშვილის შეკითხვას: „უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა კანონმდებელს კანონის მიღების გამო პრობლემებს უქმნიან, მით უმეტეს, ბულინგის მსხვერპლი ხდება. როგორც ჩემი დანარჩენი კოლეგები, მეც მზად ვარ, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ეს ყველაფერი მისაღები და ასატანი იყოს, თუმცა როგორ ფიქრობთ, რამდენად მოითხოვს რეაგირებას ის ფაქტი, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების ოჯახის წევრები, მათ შორის არასრულწლოვნები, მოხუცები, სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდნენ იმის გამო, რომ მათმა ოჯახის წევრმა თავისი ფუნქცია ძალიან მაღალ დონეზე შეასრულა?“.
„ეს ყველაფერი აისახება ოჯახის წევრების ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვები არ აგებენ პასუხს მშობლების გადაწყვეტილებებზე. არც ოჯახის წევრები აგებენ პასუხს, მაგალითად, ქალბატონი ირმას (ზავრადაშვილი) გადაწყვეტილებებზე. ქალბატონი ირმა აგებს პასუხს პოლიტიკურად თავის გადაწყვეტილებაზე და მან უნდა მიიღოს კრიტიკაც, მან უნდა უპასუხოს ამ კრიტიკას თავისი მოსაზრებებით. არაფერ შუაშია არც მისი შვილი, არც ოჯახის სხვა წევრი. ცალსახად ვგმობ ნებისმიერი ტიპის ბულინგს, რომელიც მიემართება ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით, თუ საუბარი არის ბავშვებზე, ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.