„ალქაჯებზე ნადირობა“ – ცოტა რამ სალემის ჯადოქართა სამსჯავროდან
სალემში 1692 წლის თებერვლიდან 1693 წლის მარტის ჩათვლით ჯადოქრობაში დადანაშაულებულთა სასამართლო პროცესები და გამოძიებები მიმდინარეობდა, რასაც, სხვა სახის შედეგებთან ერთად, 20 ადამიანის ჩამოხრჩობა მოჰყვა, რომელთა უმრავლესობა ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს სალემის კუდიანთა სამსჯავროს სახელით ვიცნობთ, ჯადოქრობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს სხვა ქალაქის მაცხოვრებლებსაც.
კუდიანობის ბრალდებით, 19 ადამიანი ჩამოახრჩვეს და ერთი სიკვდილამდე აწამეს (იგი არ იყო ბრალდებული). დადანაშაულებულთა ერთი მესამედი ეკლესიის წევრი იყო. 50 ადამიანი, რომელმაც აღიარა დანაშაული და სხვებიც დაასმინა, შეიწყალეს და ჩამოხრჩობის ნაცვლად, პატიმრობაში დატოვეს. ციხეში 150-ზე მეტი ადამიანი იჯდა ხოლო ჯამში 200 ბრალდებული იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ციხეში არსებული სასტიკი პირობების გამო, 5 ადამიანი გარდაიცვალა. ამერიკის ისტორიის ეს ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკია და ერთდროულად, ისტერიას, იზოლაციასა და რელიგიურ ექსტრიმიზმს უკავშირდება. მრავალი ისტორიკოსი თვლის, რომ ჯადოქრებზე ნადირობამ დიდი გავლენა იქონია ამერიკის შემდგომ განვითარებაზე.
„უკვე არაერთხელ ითქვა, რომ სალემის კუდიანთა სამსჯავრო ის კლდეა, რომელზეც თეოკრატია დაიმსხვრა.“ – წერდა ამერიკელი ისტორიკოსი ჯორჯ ლინკოლნ ბური.
პირველად ბრიჯიტ ბიშოპის სასამართლო გაიმართა. 12 წლის წინ, 50 წლის ასაკში იგი ერთხელ უკვე იყო დადანაშაულებული ჯადოქრობაში, მაგრამ მაშინ გაამართლეს. ამ შემთხვევაში, სასამართლოს წესები უკვე სხვა იყო და მას აღარავინ გაამართლებდა. 32 წლის ჯობ ლაურებნმა, ერთ-ერთმა მოწმემ, თქვა, რომ წლების წინ მან ღამით თავის ოთახში ნახა ბრიჯიტის მოჩვენება, რომელიც მის მუცელზე იჯდა. ბრიჯიტი დამნაშავედ ცნეს და პირველი სასიკვდილო განაჩენიც გამოიტანეს.
საინტერესოა ფერადკანიანი ტიტუბას გასამართლებაც. მოსმენაზე მას აბრალებდნენ, რომ იგი ეშმაკთან იყო შეკრული. თავდაპირველად ქალი უარყოფდა ბრალდებას, ბოლოს კი, მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:
„ღამით ვნახე ადამიანის მსგავსი არსება , რომელმაც მითხრა, რომ მისთვის უნდა მემსახურა. მე მას უარი ვუთხარი, მაგრამ დამემუქრა. ის იყო მაღალი, შავთმიანი მამაკაცი შავ სამოსში. შემდეგში იგი გამომეცხადა ნისლისა და დიდი ძაღლის სახით. მე, ასევე, ვნახე ყვითელი ჩიტი, რომელიც სისხლს იღებდა სხვა კუდიანთა თითებიდან.“
ტიტუბა მთელი ცხოვრება მონა იყო, ამიტომ ადვილი იქნებოდა მისი მოსყიდვა და მსგავსი აღიარების მიღება. აღიარების დამკვეთმა შედეგს მიაღწია ხალხში პანიკა ატყდა. მეტი ქაოსი გამოიწვია ბრალდებულის მიერ კიდევ 4 ჯადოქრის დასახელებამ, ესენი იყვნენ: სარა ოსბორნი, სარა გუდი და კიდევ ორი ქალი, რომელსაც ტიტუბა არ იცნობდა. მან ისიც დაამატა, რომ დემონის წიგნში სხვა ხელნაწერებიც ნახა, ყოველივე ეს კი ნიშნავდა, რომ ჯადოქრებზე ნადირობა იწყებოდა. ეს პროცესი მხოლოდ გამოკვლევა იყო იმის დასადგენად, იყო თუ არა ბრალდებული დამნაშავე, ამიტომ მისი სიკვდილით დასჯის ვერდიქტს ვერ გამოიტანდნენ. სამაგიეროდ ტიტუბა, სარა გუდთან და სარა ობორნთან ერთად, დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ტიტუბა მსხვერპლი გახდა თავისი განსხვავებული წარმომავლობის გამო. მას ბრალი დასდეს, რომ გოგონებს უყვებოდა ზღაპრებს ჯადოქრობაზე. ამბებმა, სექსუალურ კავშირზე დემონთან, კაცის გონების დახშობასა და მომავლის წინასწარმეტყველებაზე გოგონების წარმოსახვის უნარი უფრო გააძლიერა და ტიტუბა ნამდვილ დამნაშავედ აქცია.
სარა გუდი უსახლკარო მათხოვარი იყო, რომელიც თავშესაფარსა და საჭმელს მეზობლებთან ეძებდა. იგი რეალურად, ის მხოლოდ ცუდი რეპუტაციის გამო დაადანაშაულეს. სასამართლო პროცესზე სარას პურიტანული იდეების უარყოფის გამო დასდეს ბრალი. რაც შეეხება სარა ოსბორნს, ის იშვიათად დადიოდა ეკლესიაში.იგი დაადანაშაულეს ჯადოქრობაში, რადგან ეკლესიის წევრები თვლიდნენ, რომ მას პირადი მოტივები ჰქონდა, როცა ხელმეორედ საკუთარ მსახურზე დაქორწინება გადაწყვიტა. მოქალაქეები, ასევე, ამბობდნენ იმას, რომ იგი თავისი პირველი ქმრისგან შეძენილ ვაჟს სათანადოდ ვერ აკონტროლებდა.
აღნიშნული სასამართლო პროცესის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი მღვდელი ჯორჯ ბეროუზი გახდა. ამ ადამიანის სასამართლოს პროცესზე ყველაზე მეტი ჩანაწერი გაკეთდა. იგი სალემში 1680-1682 წლებში მსახურობდა. მას კონფლიქტი ჰქონდა პანტამების ოჯახთან. ეს ოჯახი მღვდელს ათასგვარ ჭორს უვრცელებდა. 1692 წელს ენ პანტამმა ბეროუზს ბრალი დასდო ბოროტ სულებთან კავშირში. მას სხვებიც შეუერთდნენ. მერი ლუისი აცხადებდა, რომ ბეროუზი კაბინეტში ეშმაკის წიგნს ინახავდა, აბიგაილ პარისმა კი, განაცხადა, რომ ბეროუზმა მას სახლში თოჯინა მოუტანა და ნემსების შერჭობა უბრძანა. ბეროუზის სასამართლო პროცესმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სასამართლოს ესწრებოდნენ მთელი მასაჩუსეტსის კოლონიიდან ჩამოსული ადამიანები, პანტამების ოჯახი კი, წინა რიგში იდგა. მერსი ლუისმა პირველმა თქვა, რომ ბეროუზის აჩრდილი ნახა, რომელიც მას აიძულებდა, საკუთარი სახელი ჩაეწერა სატანის წიგნში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით ემუქრებოდა. ბეროუზი დამნაშავედ კიდევ 7-მა ადამიანმა დაასახელა. ჯორჯმა არა მხოლოდ უარყო თავისი დანაშაული, არამედ შეეცადა, ემხილებინა პანტამების ნამდვილი განზრახვა და ხალხი დაერწმუნებინა, რომ არავითარი ჯადოქრობა არ არსებობდა. ყოველივე მისი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. მამა ბეროუზი ბრალდებებს სიცოცხლის ბოლომდე უარყოფდა. იგი სიკვდილით დასაჯეს. საინტერესოა ჩამოხრჩობის ცერემონიაც. 19 აგვისტოს, ჯორჯის ჩამოხრჩობის დღეს მინისტრმა კოტონ მაზერმა ბოსტონიდან გრძელი გზა გამოიარა, რათა მის ჩამოხრჩობას დასწრებოდა. როდესაც ბეროუზს ყელზე თოკი მოაბეს, მან ლოცვის კითხვა დაიწყო. ხალხს სწამდა, რომ ჯადოქრები ლოცვას ვერ ამბობდნენ. ამან დიდი არეულობა წარმოშვა, დამსწრეები ჯორჯის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს კოტონმა ხალხს მიმართა სიტყვით და განაცხადა რომ, ბეროუზი არ იყო ჩვეულებრივი კუდიანი, იგი პირველი იყო ეშმაკის მოციქულთა შორის და სწორედ ამიტომ შეეძლო მას ლოცვის წარმოთქმა. კოტონის ამ სიტყვებმა, რა თქმა უნდა, ბრბო დაამშვიდა და ბეროუზიც ჩამოახრჩვეს.
ყოველი დადანაშაულებული ქალი რაღაცით გამოირჩეოდა საზოგადოებისგან. თავდაპირველად ისინი დაკავებულები იყვნენ რამდენიმე დღის განმავლობაში, ხოლო 1692 წლის პირველი მაისიდან მათი ციხეში გადაგზავნა დაიწყო. მარტში კიდევ მრავალი ქალი დააკავეს, კუდიანობის ბრალდებით. პრობლემას წარმოადგენდა მარტა კორეისა და რებეკა ნარსის დაკავება, რადგან ისინი სოფლის ეკლესიის სრულფასოვანი წევრები იყვნენ და თუ მათ შეეძლოთ ეშმაკისთვის მიეყიდათ სული, მაშინ ამას ყველა შეძლებდა.
პროცესის საინტერესო თავისებურებაა ისიც, რომ სჯიდნენ მხოლოდ მას, ვინც არ აღიარებდა დანაშაულს და არ დაადანაშაულებდა სხვებს, ხოლო მათ, ვინც აღიარებაზე და სხვების მხილებაზე დათანხმდებოდა, სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ (მაგრამ არ ათავისუფლებდნენ).
ციხეში დიდი ფული კეთდებოდა. იმისთვის, რომ შენთვის ეჭმიათ და არ ეცემეთ, ფული უნდა გადაგეხადა. ამ ფულის უდიდესი ნაწილი კი, შერიფ ჯორჯ კორვინთან მიდიოდა. კორვინი ყველაფერ ამას არ სჯერდებოდა და დაკავებულთა სახლებსაც ძარცვავდა, მიჰქონდა ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა. ადამიანის დაკავების შემდეგ ბრალდებული ხდებოდა მთელი მისი ოჯახი. დოროთი გუდი — სარა გუდის 4 წლის ქალიშვილი დედასთან ერთად დააკავეს. პატარა ბავშვი დაკითხვისას აიძულეს, დედის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. მალე დედა-შვილი ციხეში აღმოჩნდა. გოგონამ ვერ გაუძლო ციხის მძიმე პირობებს და მალე ჭკუიდან შეიშალა.