15-16 ივნისს სოფელ ნიჩბისში ახალგაზრდული ბანაკი გაიმართა

15-16 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფელ ნიჩბისში ახალგაზრდული ბანაკი გაიმართა.

ბანაკში მყოფ მოსწავლეებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილესთან გიორგი ბაჯაძესთან ერთად ესტუმრა და დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარება უსურვა.

საბანაკე სივრცე ციციშვილების სასახლის ტერიტორიაზე მოეწყო, რომლის ისტორიის შესახებ ბანაკის მონაწილეებს ნიჩბისის საჯარო სკოლის დირექტორი, გივი ასლამაზაშვილი ესაუბრა. შემდეგ ფილმის ჩვენება და კარაოკე საღამო გაიმართა.
ახალგაზრდულ ბანაკში, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან, ოცდახუთმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა დიდი ნაწილი სკოლების თვითმმართველობის თავმჯდომარეები და მისი წევრები იყვნენ.

პროექტი ასევე გამორჩეულია იმით, რომ მსგავსი ტიპის აქტივობა პირველად განხორციელდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რომლის საორგანიზაციო საქმეებში აქტიურად იყო ჩართული მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.

საბანაკე პროგრამის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა, არაფორმალური განათლების მიღებისა და ახალი მეგობრების შეძენის შესაძლებლობა. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მონაწილეებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება და ლიდერული თვისებების განვითარება.

ბანაკის საგანმანათლებლო ნაწილზე იზრუნა ახალგაზრდული ორგანიზაციის „კრეატიული ახალგაზრდული პლატფორმა“ გუნდმა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია საბანაკე პროგრამების განხორციელებას სამომავლოდაც აქტიურად გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები