სტოლტენბერგი: უფრო საშიშია სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატოს – არა,

სამყარო, სადაც რუსეთს,
ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატოს – არა, უფრო საშიშია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა “ტელეგრაფთან” ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ნატო აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა უფრო მეტი ბირთვული იარაღი განათავსოს რუსეთისა და ჩინეთის მზარდი საფრთხის ფონზე.

ასევე, როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები რაკეტების საცავიდან გამოღებისა და მზადყოფნაში მოყვანის შესახებ.

„მე არ შევალ ოპერაციულ დეტალებში, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ბირთვული გამჭვირვალობა უნდა იყოს ნატოს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი, რათა ალიანსი მოემზადოს უფრო საშიში სამყაროსთვის.

„გამჭვირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატოს მიზანი არის მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ იქამდე, ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატოს – არა, უფრო საშიშია“, – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.

სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთი დიდ ინვესტიციას დებს თანამედროვე იარაღში, მათ შორის ბირთვულ არსენალში, რომელსაც 2030 წლისთვის 1000 ქობინამდე გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები