“თავისუფლების მოედნიდან პუშკინის დაღმართზე ესტაკადის გაკეთება ყოვლად დაუშვებელია“
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თავისუფლების მოედნიდან პუშკინის დაღმართზე ესტაკადის გაკეთებას დაუშვებლად მიიჩნევს. როგორც უგულავამ საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებული საქმის განხილვისას განაცხადა, თბილისის მერს დავით ნარმანიას თავისუფლების მოედნიდან პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის პროექტი წინასაარჩევნოდ ჰქონდა, თუმცა ამჟამად ბიუჯეტის სიდუხჭირიდან გამომდინარე, აქვს ინფორმაცია, რომ ერთი წლით გადაიდო. გიგი უგულავამ დავით ნარმანიას აღნიშნული პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდა.
“ეს იქნება სრული აბსურდი. ესტაკადის გაკეთება იმ ადგილას, სადაც ძველი თბილისის ისტორიული მემკვიდრეობაა და წარმოადგენს თბილისის გალავანს, ყოვლად დაუშვებელია. ესტაკადის გაკეთების შემთხვევაში, იგი იქნება ორსართულიანი სახლების სიმაღლეზე და ეს დაამახინჯებს ქალაქის იერსახესაც. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე მე-19 საუკუნეში გაკეთებულია დიდი კოლექტორი და არ შეიძლება ესტაკადის მშენებლობა”, – აღნიშნა დედაქალაქის ყოფილმა მერმა.
დღევანდელ პროცესზე ექვსი მოწმე დაიკითხა. პროცესი 29 სექტემბერს მოწმეთა დაკითხვის ეტაპით განახლდება.