ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან, იგივე ОДКБ-დან გამოვა.

როგორც მან დღეს განაცხადა, ქვეყანას ჯერ არ გადაუწყვეტია, კონკრეტულად როდის დატოვებს ქვეყანა ორგანიზაციას.

კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატის შეკითხვაზე, რატომ არ იღებს ქვეყანა აღნიშნული გაერთიანებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას, ფაშინიანმა განაცხადა:

„დამნაშავეები ისინი არიან, ვინც მოჩვენებითი ალიანსი შეკრეს, რომლის წევრებმაც გადაწყვიტეს არა ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება, არამედ წავიდნენ და აზერბაიჯანთან ჩვენს წინააღმდეგ ომი დაგეგმეს…
გამოვალთ [ОДКБ-დან], ამით გვაშინებთ? გავაკეთებთ ამას, ჩვენ გადავწყვეტთ როდის გამოვალთ.
ნამდვილი სომხეთისკენ გზაზე ვართ და თითქმის უკვე მივედით – სუვერენული, მშვიდობიანი სახელმწიფოსკენ დემარკირული საზღვრებით. არ შევტრიალდებით, უბრალოდ არ ვამბობთ, რომ უცბად არ გაგიფუჭდეთ ხასიათი“, – განაცხადა ფაშინიანმა ოპოზიციონერ დეპუტატთან საუბრის დროს.

ინფორმაციისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არის მთავრობათაშორისი სამხედრო ალიანსი, რომელსაც ხელი 1992 წელს მოეწერა რუსეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მიერ. 1993 წელს მას აზერბაიჯანი, ბელარუსი და საქართველოც შეუერთდა. თუმცა, 1999 წელს აზერბაიჯანმა, საქართველომ და უზბეკეთმა დატოვეს ალიანსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები