„სითი პარკს“ ყოველთვიურად 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს
კომპანია „სითი პარკს“, რომელიც 2007 წლიდან ოპერირებს, დასუფთავების მოსაკრებლის სახით 145 ათას ლარზე მეტის, ხოლო ყოველთვიურად 10 ათას ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით, შპს “სითი პარკს”, თბილისის მერიის მიერ მართვის უფლებით გადაცემული აქვს დედაქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში დღეის მდგომარეობით მოქცეული 416 912.5 კვადრატული მეტრი ტერიტორია, რაზეც ავტოსადგომების დასუფთავების მოსაკრებელი უნდა დაერიცხოს 1 კვადრატულ მეტრზე 0,025 ლარი თვეში.
როგორც მერიაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დედაქალაქში 2007 წლიდან მოქმედებს, მას დასუფთავების მოსაკრებელი შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი კატეგორიის მიხედვით 7 წლის განმავლობაში არ გადაუხდია. შედეგად, შპს „სითი პარკი“ თბილისის ბიუჯეტს წლების განმავლობაში კუთვნილ შემოსავალს აკლებდა, რითაც დედაქალაქის ბიუჯეტმა დაახლოებით 900 ათას ლარით იზარალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “სი-თი პარკს“ ქ. თბილისის ბიუჯეტში მოსაკრებელის სახით ყოველთვიურად 10000 ლარზე მეტის გადახდის ვალდებულება დაუდგინდა, ხოლო წინა პერიოდისთვის (2013 წლის 1 ივნისიდან დღემდე) მას დაერიცხება გადაუხდელი მოსაკრებელი – 145000 ლარზე მეტი.
„ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 31 მაისის #17.02.622 დადგენილებისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის #7-22 გადაწყვეტილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, “დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებული არიან, დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში) არა უგვიანეს 30 დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურს ან ოპერატორს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებული არიან დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
იმის გამო, რომ ამ პერიოდში საკანონმდებლო ბაზა სამჯერ შეიცვალა, დარიცხვა ავტოსადგომების ფართზე უნდა განხორციელდეს ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის #7-22 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან, ანუ 2013 წლის პირველი ივნისიდან“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.