თბილისის მერიაში ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელეს

თბილისის მერიაში 2015 წელს გასამართ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელეს. მერიის ცნობით, თბილისის მერი დავით ნარმანია და დედაქალაქის მთავრობის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს, ჯოზეფ ლიბას და კომისიის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე 2015 წელს გასამართ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის მთავრობა აქტიურად არის ჩართული ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებში, რათა დედაქალაქი 2015 წელს ჩამოსულ ყველა სტუმარს ღირსეულად დახვდეს, იქნება ეს ოლიმპიადაში მონაწილე, თუ გულშემატკივარი.
“თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და დიღმის ოლიმპიურ სოფელთან ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩვენს თავზე ავიღეთ, რისთვისაც, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას თბილისის მთავრობა განსახორციელებელი სამუშაოებისთვის საჭირო თანხას გაითვალისწინებს. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვლედიანის თქმით, საორგანიზაციო კომიტეტმა ბოლოს წინა ინსპექტირება გაიარა და საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. მისივე თქმით, დედაქალაქის ახალი მერის, დავით ნარმანიას მხრიდან გამოხატული თანადგომა იმის წინაპირობაა, რომ “თბილისი 2015” ოლიმპიურ ფესტივალებს შორის თავისი მაღალი სტანდარტებით გამორჩეული იქნება და ოლიმპიადა უმაღლეს დონეზე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები