ვინ იყო პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელმაც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა
ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, მომღერალი (ბანი) ფილიმონ ქორიძე იყო პირველი ქართველი მუსიკოსი, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა.
დაიბადა 1835 წელს სოფელ გამოჩინებულში (ახლანდელი ზემო აბაშა, სამტრედიის რაიონი), მღვდელ იესე გიორგის ძე ქორიძის ოჯახში. ჰყავდა სამი ძმა, რომელთაგან ერთი, ზოსიმე, გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ხოლო ლაზარე და იოსები ეწეოდნენ მღვდელმსახურებას გამოჩინებულისა და ნოღის წმინდა გიორგის ტაძრებში.
დაწყებითი განათლება ფილიმონმა მიიღო მამის მეგობრისგან, მღვდელ იაკინთესგან, ვისგანაც ისწავლა წერა, წმინდა წერილი, დავითნი, სამოციქულო, ჟამნი, სახარება, არითმეტიკა.
1853 წელს ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც უფასოდ მიიღეს ახლო ნათესავის, ამირან ბალანჩივაძის დახმარებით. სასწავლებელში სწავლისას მას ყველაზე მეტად საეკლესიო გუნდში გალობა იზიდავდა.
1855 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1858 წელს, პირადი თხოვნით, დაინიშნა საეგზარქოსოში საქმეთა მწარმოებლად და სიონის საკათედრო ტაძარში მგალობლად. ამ თანამდებობებზე მუშაობდა1858-1860-იან წლებში.
ამ პერიოდში ერთმა მოულოდნელმა შეხვედრამ სრულიად შეცვალა ფილიმონ ქორიძის ცხოვრების გეზი – მან თბილისში სტუმრად მყოფი იტალიელი დირიჟორი გაიცნო, რომელიც ისე მოიხიბლა მისი შესანიშნავი ბანით, რომ საოპერო სიმღერის შესასწავლად იტალიაში წასვლა ურჩია. ამ მიზნის განხორციელებაში ახალგაზრდა მგალობელს ახალშერთული მეუღლის ფინანსურად შეძლებული ოჯახი დაეხმარა.
ფილიმონი იტალიაში 1863 წელს გაემგზავრა. ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლა მილანში ფ.რონკონის ხელმძღვანელობით (1863-1865).
1865 წელს კონცერტებს მართავდა იტალიის ქალაქებში.
1870 წელს, მოულოდნელად, მეუღლე გარდაეცვალა და დროებით სამშობლოში დაბრუნდა.
1870-1880-იან წლებში მომღერალი გამოდიოდა ამერიკის, იტალიის, რუსეთის საოპერო სცენებზე.
1872 წელს შედგა მისი დებიუტი მილანის „ლა სკალაში“.
1873 წ. – დებიუტი პეტერბურგის მარიას საოპერო თეატრში.
მომღერლის პეტერბურგში მოღვაწეობის პერიოდი წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსულმა საზოგადოებამ მას რუსული რეპერტუარის ცოდნა და საშემსრულებლო ნიჭი დაუწუნა. სამაგიეროდ, გაუმართლა პირად ცხოვრებაში. ამ ქალაქში დაუახლოვდა თავის მომავალ მეუღლეს, უკრაინელი სენატორის ქალიშვილს, პიანისტ ზინაიდა ვორობეცს, რომელიც შემდგომში მისი უერთგულესი თანამდგომი და შემწე გახდა.
როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1873 წელს ახალგაზრდებმა იქორწინეს და იტალიაში გაემგზავრნენ. 1875 წელს შეეძინათ ვაჟი, მიხეილი.
1873-1874 წლებში ფილიმონ ქორიძემ გასტროლებით შემოიარა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მრავალი საოპერო სცენა.
1874 -1881წწ. კონცერტებს მართავდა იტალიის ქალაქებში კორიჯიოს (ქორიჯი, ქორელი) ფსევდონიმით. იტალიურმა პრესამ მომღერალი იტალიის საუკეთესო ბანად აღიარა. მისი წარმატებების შესახებ იმ პერიოდის ქართული პრესაც წერდა.
1880 წელს კონცერტები გამართა თბილისში, ქუთაისსა და ფოთში.
1881-1883 წლებში საგასტროლოდ მოიწვიეს თბილისის ოპერის თეატრში. ამის გამო,ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, თუმცა 1883 წლისთვის ევროპაში გაბრუნებას ვარაუდობდა. თბილისში მოღვაწეობის პერიოდში ფილიმონ ქორიძემ შეასრულა: სუსანინის (გლინკას “სიცოცხლე მეფისათვის”), დემონის (რუბინშტეინის “დემონი”), დონ ბაზილიოს (როსინის “სევილიელი დალაქი”), რუსლანის (გლინკას “რუსლან და ლიუდმილა”) პარტიები და სხვ.
საოპერო თეატრში მოღვაწეობასთან ერთად მუსიკოსი ჩართული იყო ეროვნული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის დაცვა-აღორძინების საქმეში – აქტიურად მონაწილეობდა „ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტის“ მუშაობაში.
ფილიმონ ქორიძემ უარი თქვა წარმატებულ საოპერო კარიერაზე და მთელი დარჩენილი ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას.ვ1882 წელს მან მელქისედეკ ნაკაშიძესა და ნესტორ კონტრიძესთან ერთად დაიწყო ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან კი საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა.
1884 წლის ნოემბერში, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის ინიციატივითა და იმერეთის სამღვდელო კრების გადაწყვეტილებით, დაიწყო ბასილი დიდის წირვის, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლების ნოტებზე გადატანა. 1886 წელს გამოიცა მის მიერ შეკრებილი და ჩაწერილი „იოანე ოქროპირის საგალობლების“ კრებული. საეკლესიო საგალობლების ჩაწერის გარდა, ქუთაისში ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს.
1889 წელს ფილიმონს მეორე მეუღლეც გარდაეცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი, გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. ზინაიდა ვორობეცს ღვაწლი მიუძღვის საქართველოში პიანისტური საშემსრულებლო ხელოვნების დანერგვასა და განვითარებაში. იგი მეუღლეს საკონცერტო გამოსვლებში საფორტეპიანო თანხლებას უწევდა.
1890 წელს, მეგობრების რჩევით, ფ. ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1890-იან წლებში ხელმძღვანელობდა ქართლ-კახურ გუნდს, შემდეგ დასავლეთ საქართველოს გუნდს. გუნდის წევრებს ასწავლიდა მუსიკის თეორიასა და დამწერლობას. 1893 წელს, მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით, ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. შემდგომ წლებშიც რამდენჯერმე ჩავიდა. აქ მან სულ ჩაიწერა 5532 საგალობელი (12 ვრცელი ალბომი).
თავისუფალ დროს მუშაობდა მუსიკის სახელმძღვანელოს შექმნაზე -“სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის”, რომელიც 1895 წელს გამოსცა. 1897 წლის დასაწყისში მან დაასრულა ოზურგეთში საგალობლების ნოტებზე ჩაწერა და 2 თებერვალს გამართა გამოსამშვიდობებელი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მის მიერ შედგენილმა გუნდმა.
XIX ს-ის II ნახევარშიწარმატებით გამოდიოდა ბათუმის „რკინის თეატრის“ სცენაზე. 1910 წლისთვის გალობას ასწავლიდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. 1895-1911 წლებში გამოცემული აქვს საგალობლების ექვსი კრებული (მათ შორის, საბავშვო საგალობლები). დაწერილი აქვს, ასევე, ვოკალური და საფორტეპიანიო ნაწარმოებები. ფილიმონ ქორიძე ოცნებობდა ქართული ხალხური მუსიკის უფრო კვალიფიციურ ჩაწერასა და დამუშავებაზე. ამ მიზნით დაუკავშირდა კიდეც იტალიელ ოსტატებს, რომლებმაც სიამოვნებით მიიღეს მისი წინადადება, მაგრამ ეს ეს საქმე ჩაიშალა, მისი გარდაცვალების გამო.
გარდაიცვალა 1911 წლის 12 ივლისს, სოფელ ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ხის ეკლესია, ამჟამად საფლავი დაკარგულია. ფილიმონ ქორიძის ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისმა მოსწავლემ, ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგემ და საზოგადო მოღვაწემ, წმინდა ექვთიმე აღმსარებელმა (ერისკაცობაში ესტატე კერესელიძე), ხელნაწერები გადაარჩინა, გადაწერა, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით.
1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა ფ. ქორიძის ბიუსტი.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბერს, ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, ფილიმონ ქორიძე შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.