საქართველოში ნარკოტიკები სარეცხის ფხვნილად შემოდის? -ნარკოტიკების შემოდინების სქემა

გაზეთ “ალიასთან“ ინტერვიუში ნარკოტიკებისა და დანაშაულის მონიტორინგის ცენტრის დირექტორი პაატა ნოზაძე საქართველოში ნარკოტიკების შემოდინების სქემას შიფრავს. მისი თქმით, ნარკოტიკების ბრუნვის სამი ძირითადი ნარკოტრასა არსებობს: პირველი ესაა „ჩრდილოეთის გზა“: ავღანეთი, ცენტრალური აზია-რუსეთი; მეორე – ბალკანური გზა: ავღანეთი-ირანი-თურქეთი-ევროპა; მესამე – სამხრეთის მიმართულება, ავღანეთი – პაკისტანი და პაკისტანის საზღვაო პორტებიდან ნებისმიერი მიმართულებით.
„ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, მაგრამ ავღანეთიდან მოემართება 113 ძირითადი მარშრუტი. თუ სადმე ერთი გადაიკეტა, ნარკომაფიას აქვს საშუალება, სათადარიგო მარშრუტით ჩაანაცვლოს, ან გაზარდოს დატვირთვა სხვა ძირითად მარშრუტზე. ყველა საქართველოს მიმართულებით არსებობს 6 ძირითადი მარშრუტი. სხვათა შორის, ევროპაში ჩვენი მეზობელი თურქეთიდან შედის ჰეროინის 85 პროცენტი, საქართველო არის, ძირითადად, ტრანზიტული ქვეყანა, აქ შემოტანილი შემოტანილი ნარკოტიკების ნაწილი რჩება ადგილობრივი მოხმარებისთვის, დანარჩენი გადის ევროპაში“, – აცხადებს ნოზაძე.
მისი თქმით, 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოაჩინა 116 კილოგრამი ჰეროინი, შემდეგ იყო ფაქტი, როცა 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი ამოიღეს.
„ამ ფორმით უფრო ადვილი გასატანია, დოკუმენტებში ჩაწერ სარეცხ ფხვნილს და იოლად გავა. ყველა ტრაილერი რომ შეამოწმო და ყველა სარეცხი საშუალება გასინჯო, ამისი არც დროა და ფიზიკურადაც შეუძლებელია. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს ნარკობიზნესის ყოველწლიურად ბრუნვა ფასდება 600 მილიარდიდან 1 ტრილიონ დოლარამდე. როცა ასეთ თანხებზეა საუბარი, რა უნდა ჩინოვნიკის მოსყიდვას? ნარკომაფია და ტერორისტები ერთმანეთისგან საზრდოობენ, აქ მანკიერი წრეა შეკრული – სადაც ტერორიზმია, იქ არის ნარკომაფია და სადაც ნარკომაფიაა, იქ არის ტერორიზმი. იარაღი აქვთ, აცილებენ ტვირთებს და შემოსავალსაც იღებენ. საქართველოში რომ 100 ტონა შემოიტანო და დაყარო, ამდენი მომხმარებელი არ გვყავს, სადაც საჭიროა, იქ შედის იმ ოდენობით რამდენის ათვისებაც მოხდება. მაგალითად, რუსეთი ყოველწლიურად დაახლოებით 90 ტონა ოპიატებს მოიხმარს. ამერიკის მთავრობის წინა წლების ოფიციალური ანგარიშების მიხედვით, ჩვენთან 200-250 ათასამდე მომხმარებელია. აქაური კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ჩვენ გვყავს 45 ათასი ინექციური მომხმარებელი, ვინც ნარკოტიკს იღებს ინტრავენურად. ზუსტი დათვლა შეუძლებელია, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც არ ამხელს მოხმარების ფაქტს. არიან ისეთებიც, რომლებიც თურქეთში გადადიან, იქ „ერთობიან“ და ისევ უკან ბრუნდებიან. ბევრი თვითონ ამზადებს სახლში კუსტარულად და ასე შემდეგ“, – აცხადებს “ალიასთან“ პაატა ნოზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები