არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას გამოხატავენ ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით გამოვლენილი შეუწყნარებლობის ფაქტებზე. ისინი მთავრობას მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღსადგენად დაუყოვნებელი და ეფექტური ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.
“ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეებისთვის გახსნილ პანსიონს ფუნქციონირება 15 სექტემბერს უნდა დაეწყო, თუმცა 10 სექტემბერს მომხდარი ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი აქტის შემდეგ, პანსიონის ფუნქციონირება შეფერხებულია. ადგილობრივი მაცხოვრებლების ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც შემთხვევის ადგილზე მუდმივი მორიგეობა აქვს დაწესებული, პანსიონის ეზოში შესასვლელი გზა ხელოვნური ბარიერებით აქვს გადაკეტილი და პანსიონის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს გადაადგილებას უზღუდავს. ისინი ისლამოფობიურ და თურქოფობიურ ნიადაგზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მუსლიმებს, პანსიონში შესვლის მსურველებს, ყოველ ჯერზე, ორგანიზებულად უღობავენ გზას და ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულებენ, უარი თქვან პანსიონში შესვლაზე. მუსლიმი თემის განმარტებით, პანსიონს გადაუკეტეს სასმელი წყალიც. ადგილზე მობილიზებული ჯგუფი აცხადებს, რომ ადგილობრივი ქრისტიანები არ დაუშვებენ პანსიონის გახსნას და ძალადობრივი დაპირისპირების რისკებზეც მიუთითებენ. დაპირისპირების ადგილას მობილიზებულია პოლიცია, თუმცა პასიური დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება და არაფერს აკეთებს ადგილობრივი მაცხოვრებლების აშკარად უკანონო ქცევის აღსაკვეთად. ამ პირობებში, პანსიონში ჩარიცხული მოსწავლეები ქობულეთში მდებარე ძველი პანსიონის შენობაში მოათავსეს, რომელსაც ამ დროისთვის ორჯერ მეტი ბენეფიციარის მიიღება უწევს. შედეგად, ბავშვებს არასათანადო პირობებში უწევთ ცხოვრება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა თითქმის 2 თვის განმავლობაში არ უზრუნველყო პანსიონის კანალიზაციის სისტემასთან მიერთება.
“კონფლიქტის გადასაწყვეტად, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დასრულებულა. მუსლიმი თემის განმარტებით, ისინი არ აპირებენ პანსიონის გახსნაზე მოთხოვნის დათმობას, ხელისუფლება კი მათ მიუღებელ ალტერნატივებს სთავაზობს, რის გამოც, მოლაპარაკებებს შედეგები ჯერ არ მოჰყოლია. ჩვენი შეფასებით, ქობულეთში გამოვლენილი რელიგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა არაეფექტურია და იმსახურებს მწვავე კრიტიკას. მნიშვნელოვანია, პოლიციამ მიიღოს ყველა ზომა, რათა აღიკვეთოს ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ პანსიონის ფუნქციონირების ხელშეშლა. დომინანტი ჯგუფის მიერ პანსიონის ტერიტორიაზე შექმნილ ფაქტობრივ კონტროლს, რომელსაც უკანონო ხასიათი აქვს, პოლიცია ეგუება და არაფერს აკეთებს მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღსადგენად. “პოლიციის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია, აღკვეთოს უძრავი ნივთის გამოყენების ხელშეშლა. კანონით პირდაპირ დაკისრებულ ამ ვალდებულებას პოლიცია ჯერაც არ ასრულებს, ვინაიდან არ რეაგირებს შენობის მფლობელთა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, ასევე შენობის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ არასრულწლოვანი მუსლიმებისათვის პანსიონში შესვლისათვის ხელის შეშლის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ პანსიონის შენობასთან ადგილობრივი მაცხოვრებლების შეკრება, რომელსაც თან სდევს სხვათა უფლებების პერმანენტული შეზღუდვა და ძალადობის მუქარა, გადის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან და სახელმწიფოსგან ადეკვატურ სამართლებრივ რეაგირებას და მის აღკვეთას ითხოვს. კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ აღმოჩნდა ეფექტური. მოლაპარაკებისას პროცედურული სამართლიანობის დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს მოლაპარაკებების პროცესის საჯაროობა და მასში ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენის მქონე ნეიტრალური აქტორების მონაწილეობა. არსებითია, მოლაპარაკებების პროცესი რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვით წარიმართოს და დავა უმცირესობის უფლებების დათრგუნვის ხარჯზე არ გადაწყდეს.ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას მუსლიმ თემს და ხელისუფლებას უმცირესობების უფლებების დასაცავად ეფექტური და სამართლიანი პოლიტიკის გატარებას ვთხოვთ”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, „მედიის განვითარების ფონდი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.