არჩილ ხაბაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა. დილის 6 საათიდან მუშაობს ტექნიკა. იწმინდება ჟილინის არხი უწყვეტ რეჟიმში.
„მობილიზებულია ყველა სამსახური, სახანძრო ბრიგადა და პერიოდულად სხვადასხვა ეზოში წყლების გამოტუმბვა მიმდინარეობს. ბათუმში ჭაობის ტერიტორიაზე ამ დროისათვის შუქი არ მიეწოდება 640 აბონენტს. ხელვაჩაურში 700, ქობულეთში – 3000-მდე და ზემო აჭარაში – 740 აბონენტს. ელექტრიკოსთა ჯგუფები გასულია და მუშაობენ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. წყალი ვერ მიეწოდება ძველი ქსელის აბონენტებს: ბენზე, ბარცხანა, ბონი, გოროდოკის დასახლებებს, რომლებიც ჩაქვის წყალსაცავზეა მიერთებული. ძლიერი ქარის გამო ქობულეთსა და ხელვაჩაურში სამანქანო გზა ჩახერგილი იყო ხეებით და უკვე აღმოფხვრილია პრობლემები. გურია-აჭარის დამაკავშირებელ ხიდთანაც მსგავსი პრობლემა იყო და უკვე გზა გაწმენდილია“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ ბათუმის სასტუმრო რადისონში პირველი საერთაშორისო ფორუმის ”Argus კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო კორიდორის” გახსნამდე.