„ჰიტლერის საიდუმლო იარაღი“ – შოკოლადი, რომელსაც ჯარისკაცები არც კი ჭამდნენ

ეს წარმოუდგენელი შოკოლადის ფილა მეორე მსოფლიო ომის ამერიკული არმიის რაციონის ნაწილი იყო. ამ „გემრიელ“ საკვებზე თავისუფლად შეიძლებოდა, კბილები მოგეტეხა. ამ და სხვა მიზეზების გამო, ჯარისკაცები ხშირად მის გადაგდებას ამჯობინებდნენ. ამბავი კი ასე დაიწყო:

მკაცრ სამხედრო ცხოვრებაში კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჯარისკაცის საბრძოლო ეფექტურობა, ფიზიკური მდგომარეობა და ხასიათი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საკვების ხარისხზე. სუსტი, დაღლილი და დაავადებული ჯარისკაცი კარგად ვერ იბრძოლებს, ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის ჯარები ყოველთვის ცდილობენ, სწორად შეადგინონ მათი სამხედროების რაციონი.

ამ პრინციპით, 1937 წელს აშშ-ის არმიამ გადაწყვიტა, თავისი ჯარისკაცების რაციონში შოკოლადი დაემატებინა. გეგმის თანახმად, ის უნდა ყოფილიყო მაღალენერგეტიკული პროდუქტი, რომელიც პერსონალის საბრძოლო სულისკვეთებას გაზრდიდა. რაციონში ჩვეულებრივი შოკოლადის ფილების დამატება შეუძლებელი იყო – საველე პირობებში ისინი სწრაფად დნებოდა და ფუჭდებოდა. საჭირო გახდა ალტერნატიული გამოსავლის ძებნა.

არმიის ოფიცერმა, პოლ ლოგანმა კომპანია Hershey Chokolate-ს  სამხედროებისთვის შესაბამისი შოკოლადის შექმნის თხოვნით მიმართა. აუცილებელი იყო, რომ ერთი ფილის წონა 130 გრამს არ ასცდენოდა, შოკოლადს გაეძლო მაღალი ტემპერატურისთვის და ყოფილიყო მაღალკალორიული. ასევე, ის არ უნდა ყოფილიყო გემრიელი, რადგან ჯარისკაცებს გემრიელი შოკოლადის ერთიანად შეჭმა მოუნდებოდათ ან მის ერთგვარ ვალუტად გამოყენებას დაიწყებდნენ.

საბოლოოდ, 1937 წელს კომპანია Hershey-მ გამოუშვა შოკოლადი, სახელად „Field Ration D“ ან „D-Bar“. მასში შედიოდა შაქარი, შვრიის ფქვილი, კაკაოს კარაქი, უცხიმო რძის ფხვნილი და არომატიზატორი B1 ვიტამინით. ეს კარგად ჟღერს, მაგრამ შოკოლადს ისეთი ცუდი გემო ჰქონდა რომ ბევრმა ჯარისკაცმა უარი თქვა მის ჭამაზე. გარდა ამისა, ყველას არ შეეძლო მისი დაღეჭვა: შვრიის ფქვილის დამატების გამო, შოკოლადი ძალიან მყარი აღმოჩნდა. ზოგიერთმა ჯარისკაცმა მასზე კბილებიც მიამტვრია.

სამაგიეროდ, სამხედრო შოკოლადი ნამდვილად მაღალკალორიული იყო. მას თან მოჰყვებოდა ინსტრუქცია, რომელშიც ეწერა: „ჭამე ნელა, ნახევარი საათის განმავლობაში. შესაძლებელია ცხელ წყალში გახსნა და სასმელად გამოყენება“.

ჯარისკაცებს, რომლებმაც ეს რეკომენდაცია უგულებელყვეს, ფაღარათი დაემართათ. ამ უსიამოვნო გვერდითი ეფექტის გამო, შოკოლადს მეტსახელად „ჰიტლერის საიდუმლო იარაღი“ შეარქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები