„ლუკა კურტანიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს“

„ლუკა კურტანიძის კანდიდატურა მიუღებელია სპორტსმენებისათვის.მე მას ვურჩევდი რომ ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვოს“- ამის შესახებ განცხადება ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
როგორც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა დავით გობეჯიშვილმა და ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რომან რურუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ჭიდაობის ფედერაციაში იმაზე მეტი პრობლემებია, ვიდრე კურტანიძის ხელმძღვანელის პოსტზე არჩევამდე იყო. გობეჯიშვილის თქმით, კურტანიძე ძალიან ამბიციური პიროვნებაა და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს. „არ შეიძლება ფედერაციას უხელმძღვანელოს ადამიანმა, რომელსაც სპორტსმენები კარებს უჭედავენ და კვერცხებს ესვრიან. სპორტსმენებისთვის ამ პოსტზე ლუკა კურტანიძის კანდიდატურა მიუღებელია. თავიდანვე ვიცოდი, რომ მისი კანდიდატურა ვერ გაამართლებდა. კურტანიძე არის ძალიან ამბიციური და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს. ვფიქრობ, რომ ლუკამ უნდა დაწეროს განცხადება და თანამდებობა დატოვოს“- განაცხადა დავით გობეჯიშვილმა.
ფედერაციის პრობლემების სათავეს მის არასწორ მართვაში ხედავს რომან რურუაც. მისი თქმით, სამეთვალყურეო საბჭო ახლა კურტანიძის საქმიანობას სწავლობს და ერთი თვის შემდეგ დასკვნას დადებს. „დიდი ხანია, რაც ჭიდაობის ფედერაციაში პრობლემებია, ჯერ კიდევ ძველი ფერაციიდან მოყოლებული. შემდეგ ავირჩიეთ ბატონი ლუკა კურტანიძე,რომელიც დაგვპირდა, რომ ყველაფერს დაალაგებდა, თუმცა ფედერაცია უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეტყობა, მართვაში სერიოზული პრობლემა აქვს. შევცდი, როდესაც მას არჩევნებზე ხმა მივეცი“ – აღნიშნა რომან რურუამ „კვირას“ პრეკსლუბში.
ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კორუფციულ გარიგებებზეც ისაუბრა, რაშიც ლიკა კურტანიძეც სპორტსმენები უყენებენ.
„ფედერაციამ დაგვავალა, ყველა ის საკითხი შევისწავლოთ, რაც ამ ორი წლის განმავლობაში ფედერაციაში ხდებოდა. წინასწარ მსგავს ფაქტებზე ფერაფერს გეტყვით, დასკვნებს საქმის შესწავლის შემდეგ დავდებთ. გადაწყვეტილებას კურტანიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სწორედ ამის შემდეგომ მივიღებთ“ – განაცხადა რომან რურუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები