როგორ გახდა ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი – ეთერ ფაღავას ისტორია

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, XX საუკუნის ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი ეთერ ფაღავა დაიბადა პარიზში, 1932 წელს. ეთერის დედა იყო ასმათ ჟორდანია, ხოლო მამა –  ჟურნალ „ჩვენი დროშის“ რედაქტორი ლევან ფაღავა. ერთ–ერთ ინტერვიუში ეთერი ამბობს:

„დიახ, საფრანგეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჯერ ქართული ვისწავლე და მერე – ფრანგული. ლევილში პატარა საქართველო იყო… დედაჩემი ქართულად წერდა ლექსებს საქართველოზე, ბაბუაზე… ლევილში ცხოვრობდნენ, მაგრამ ფრანგული პასპორტები არ ჰქონდათ. ძალიან უყვარდათ საფრანგეთი, მაგრამ არ სურდათ, ფრანგები ყოფილიყვნენ. ამიტომაც, პასპორტის მიხედვით, ქართველებად დარჩნენ. ეს საკმაოდ ძნელი იყო, რადგან ქართული პასპორტით სამსახურის შოვნა ჭირდა. თუმცა, ყველაფერს უძლებდნენ! ნამდვილი ქართული ბავშვობა მქონდა: ფრანგულ სკოლაში კი დავდიოდი, მაგრამ სულ „დედაენა“ მეჭირა ხელში და ჩავყურებდი. ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს ვსწავლობდი…“

ცეკვის დიდი ნიჭი ეთერ ფაღავამ ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა. ერთხელ ქუჩაში გატაცებით მოცეკვავე 6 წლის გოგონა შეუმჩნევია გამოჩენილი ფრანგი მოცეკვავის სერჟ ლიფარის კონცერტმეისტერს და მშობლებისთვის ურჩევია, სასწრაფოდ წაეყვანათ პოპულარულ პარიზელ პედაგოგთან, პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის ყოფილ ბალერინა ა. ეგოროვასთან, რომელსაც ეთერი მოსწონებია და თავის საბალეტო სკოლაში ჩაურიცხავს.

პატარა ეთერის სცენური ნათლობა დაემთხვა 1945 წელს ელისეს მინდვრებზე ახალი საბალეტო თეატრის დაარსებას. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 13 წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო ბორის კოხნოს ლიბრეტოს მიხედვით, კომპოზიტორ ანრი სოგეს, ქორეოგრაფ როლან პეტისა და მხატვარ ქრისტიან ბერარდის ერთობლივი ძალებით შექმნილ სპექტაკლში ,,ბაზრის კომედიანტები”. ამ სპექტაკლში შესრულებულმა პატარა აკრობატის როლმა დაუდო სათავე ეთერ ფაღავას ბრწყინვალე არტისტულ კარიერას. 1948 წელს პეტიმ ნორჩი ბალერინა თავის მეორე ბალეტში, „ამურ იუპიტერშიც“ გამოიყვანა.

მალე სერჟ ლიფარის მიწვევით, 15 წლის ეთერ ფაღავა გაემგზავრა მონტე–კარლოში, სადაც მარკიზ დე კუევას რუსულ საბალეტო დასში იცეკვა ბალეტებში: „რომეო და ჯულიეტა“ და „სომნაბულა“. სერჟ ლიფარის მიერ  პ. ჩაიკოვსკის სიმფონიურ პოემა ,,რომეო და ჯულიეტას” მუსიკაზე განხორციელებულ ქორეოგრაფიულ პოემა-დუეტში შესრულებულმა ჯულიეტას როლმა ეთერს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა. ასევე, ნაყოფიერი გამოდგა მისთვის ამავე დასში დიდ ქართველ ბალეტმაისტერ ჯორჯ ბალანჩინთან  შემოქმედებითი თანამშრომლობა. 1948 წელს, ლონდონში, ბელინის მუსიკის საფუძველზე  ჯ. ბალანჩინის მიერ „სომნაბულას“ ახალ დადგმაში ეთერ ფაღავას ხელოვნებამ საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. ფერმკრთალი, თითქმის გამჭვირვალე სახის, შავი, მეტყველი თვალებისა და ჰაეროვანი ტექნიკის გამო, ახალგაზრდა ბალერინას „პატარა ბრილიანტი“ შეარქვეს.

ამის შემდეგ ეთერ ფაღავა მიიწვიეს პარიზის „გრანდ-ოპერაში“, სადაც პირველად გამოვიდა ბალეტში – „ატლანტიდა“. შემდეგ იყო გასტროლები მილანის „ლა-სკალაში”. აქ იგი რამდენიმე სეზონის განმავლობაში ცეკვავდა. 1950–იან წლებში ამსტერდამის ოპერის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა იყო. მან მთელ მსოფლიოში მოიხვეჭა პოპულარობა და „ეტუალის“ (ვარსკვლავი) წოდება დაიმსახურა.

ეთერ ფაღავას, როგორც ბალეტის ცნობილი მოცეკვავის სახელი შეტანილია თანამედროვე ბალეტის ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებში. მისი ბავშვობის წლებს ასე ახასიათებს ლონდონში გამოცემული საბალეტო ლექსიკონი: „ეთერ ფაღავა უკანასკნელი ომის დროს გამოჩნდა, როგორც არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი და მაშინვე გახდა ვარსკვლავი… 13 წლისა სენსაციას იწვევდა, როცა ასრულებდა პატარა აკრობატის როლს ბალეტ „კომედიანტებში”; შემდეგ მან შეასრულა ჰანიმედის როლი („იუპიტერის სიყვარული“). სამი წლის შემდეგ, 15 წლის ეთერის მიერ თავისებურად შესრულებული „მთვარეული“ (ბელინის და ბალანჩინის ბალეტი) და „ჯულიეტა“ (ჩაიკოვსკის და იფარის ბალეტი „რომეო და ჯულიეტა“) მარკიზ დე კუევას დადგმებში სამარადისოდ დაუვიწყარი დარჩა…“

ეთერ ფაღავა და ვახტანგ ჭაბუკიანი

საქართველოში ეთერ ფაღავა პირველად 1966 წელს ჩამოვიდა. მაყურებელმა სახელგანთქმული ბალერინა იხილა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორ სპექტაკლში – „ჟიზელი“ და „დონ კიხოტი“. პარტნიორობას ვახტანგ ჭაბუკიანი“ უწევდა. სამშობლოსა და ნათესავების ნახვით გახარებულმა ეთერმა ტელევიზიაში ინტერვიუს დროს ხმამაღლა განაცხადა, რომ მისი ოცნება თავისუფალი საქართველოა. ამ ერთი ფრაზის გამო, მას ვიზა აღარ გაუგრძელეს და მეორედ ჩამოსვლის ნება აღარ მისცეს. მხოლოდ 1990 წელს ჩამოვიდა, უკვე თავისუფალ საქართველოში, მეუღლესთან, მომღერალ ჟაკ დუაისთან ერთად, რომელმაც თბილისის ოპერის თეატრში თავისი რეპერტუარი შეასრულა. ეთერს, ასევე, ახლდნენ ბიძა რეჯებ ჟორდანია და შვილი – ტარიელი.

1970–იან წლებში საფრანგეთის განათლების მინისტრმა ეთერ ფაღავა მიიწვია ხელოვნების აღორძინებისა და განვითარების მუდმივ კომისიაში. მას საზოგადოების ფართო ფენებში ქორეოგრაფიის პოპულარიზაცია მიენდო. ეთერი დავალებას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა და ენერგიულად შეუდგა საქმეს. საზოგადოების წინაშე ჯერ თვითონ გამოდიოდა და ქორეოგრაფიის მნიშვნელობაზე საუბრობდა, შემდეგ კი მოცეკვავეთა ჯგუფი ასრულებდა მის მიერ დადგმულ ბალეტებს. ეს გამოსვლები დიდი მოწონებით სარგებლობდა.

1980–იან წლებში ეთერ ფაღავამ პედაგოგობას მოჰკიდა ხელი. მისი საქმიანობის არეალი საკმაოდ ფართო იყო – ცეკვას ასწავლიდა პარიზის თეატრებში, უნივერსიტეტში, პომპიდუს ცენტრში. გარდა ამისა, 1990–იან წლებში,  მეუღლესთან ერთად ხელმძღვანელობდა პატარა თეატრს ბულონის ტყეში. აქ ხშირად იდგმებოდა ბავშვებისთვის მისი საბალეტო სპექტაკლები, რომლებიც წარმატებით სარგებლობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები