„გამოქვაბულის კაცი“ – მანიაკი შუა საუკუნეებიდან, რომელმაც 964 ადამიანი მოკლა

მანიაკები ყოველთვის არსებობდნენ. ზოგი, უბრალოდ, კლავდა, ზოგი კი, ამით ფინანსურ სარგებელსაც ნახულობდა. ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა გერმანელი მანიაკი და სერიული მკვლელი კრისტმან გნიპერტოლიგა, რომელსაც ბევრი მიიჩნევს ისტორიაში ყველაზე „ნაყოფიერ“ სერიულ მკვლელად. მან 964 ადამიანის მკვლელობა აღიარა.

კრისტმან გნიპერტოლიგას დაბადების ზუსტი ადგილი დაზუსტებით უცნობია, მაგრამ ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ბოროტმოქმედი ქალაქ კერპენში დაიბადა. ასევე, უცნობია ინფორმაცია მისი მშობლებისა და ბავშვობის შესახებ. ვიცით მხოლოდ ის, რომ დამნაშავე 1568 წლიდან 1581 წლამდე მოქმედებდა.

1568 წელს კრისტმან გნიპერტოლიგამ დატოვა მშობლიური კერპენი და გადავიდა მთიან მხარეში, რომელიც ტყით იყო დაფარული და დამნაშავეებისთვის ერთგვარ თავშესაფარსაც წარმოადგენდა. კრისტმანი გამოქვაბულების სისტემაში დასახლდა, რომელიც მთაში ღრმად იყო შეჭრილი. აქ მან მოაწყო საცხოვრებელი ოთახები, სათავსოები, სარდაფები და ფარული გასასვლელებიც, გამოქვაბულების ქსელის რამდენიმე შესასვლელი კი საგულდაგულად შენიღბა. ყველაფერ ამის წყალობით, მანიაკს შეეძლო, დაკვირვებოდა ახლომდებარე გზებს და საგულდაგულოდ შეერჩია მსხვერპლები. 2 ადამიანზე მეტს ის არასდროს ესხმოდა თავს.

არავინ იცის, როგორ ექცეოდა მკვლელი მსხვერპლებს. ისტორიული წყაროები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სიკვდილისგან თავის დაღწევას ვერავინ ახერხებდა. ისტორიკოსი კასპარ ჰერბერი თავის ნაშრომში – „შემაძრწუნებელი მკვლელის, კრისტმანის შემზარავი ამბავი“ – წერს, რომ მანიაკი ყოველთვის მარტო არ მოქმედებდა.

თავიდან კრისტმანს თანამზრახველები ჰყავდა, თუმცა დიდხანს არც მათ უცხოვრიათ. წარმატებული თავდასხმის შემდეგ გნიპერტოლიგა კომპანიონს გამოქვაბულში ამის აღსანიშნავად იწვევდა, ქეიფის დროს მოწამლულ ღვინოს ასმევდა და ყელს ჭრიდა.

გნიპერტოლიგა გვამებს გამოქვაბულში მალავდა. ამით აიხსნება ის, თუ რატომ მოქმედებდა მკვლელი ამდენ ხანს დაუსჯელად – ხალხი, უბრალოდ, ქრებოდა და არავინ იცოდა, რა მოხდა. წყაროები ამბობენ, რომ მანიაკი კანიბალიზმისგანაც არ იყო შორს.

ასე „მუშაობდა“ ის 6 წლის მანძილზე. ამ ხნის განმავლობაში კრისტმანმა მნიშვნელოვანი სიმდიდრის დაგროვება მოახერხა. მკვლელობებმა მას არა მხოლოდ ფული, არამედ სიამოვნებაც მოუტანა. მისი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც შეხვდა ქალს, რომელიც ერთ-ერთ ქალაქში ძმის მოსანახულებლად მიდიოდა. კრისტმანი მას თავს დაესხა, თავის ბუნაგში ჩაათრია და გააუპატიურა. შემდეგ გრძელი ჯაჭვით მიაბა კედელზე და ცოლად „აქცია“. ტყვეობის 7 წლის განმავლობაში ქალმა მანიაკს 6 შვილი გაუჩინა. კრისტმანმა ყველა მათგანი დაბადებისთანავე მოკლა. კასპარ ჰერბერი წერს, რომ მკვლელმა ბავშვების გულიც შეჭამა.

კრისტმანმა ჩვილების სხეულები თოკებზე მიაბა გამოქვაბულის შესასვლელთან ჩამოკიდა. ქარი მათ ნაჭრის თოჯინებივით ათამაშებდა. როგორც ამბობენ, გნიპერტოლიგას ეს ძალიან მოეწონა და თქვა: „იცეკვეთ, ძვირფასო ბავშვებო, იცეკვეთ, მამათქვენი გაიძულებთ, იცეკვოთ“.

ფოლკლორის შემგროვებელმა და მთხრობელმა, ჟიულ შანცმა 1855 წელს თავის ერთ-ერთ წიგნში საშინელი დეტალები აღწერა. როცა უბედურმა დედამ ქარში შვილების ძვლების ჩხაკუნი გაიგონა, ისტერიკული ტირილი დაიწყო. ამის საპასუხოდ, კრისტმანმა დამცინავად უპასუხა: „რას ღრიალებ? ჩვენი შვილები ცეკვავენ და თამაშობენ. ასე რომ, შეწყვიტე ტირილი!“.

შესაძლოა, მანიაკს კიდევ დიდხანს გაეგრძელებინა „მოღვაწეობა“, რომ არა მისივე შეცდომა. მას იმდენად სჯეროდა, რომ ქალზე სრულ ძალაუფლებას ფლობდა, ერთ დღეს ოჯახის სანახავად გაუშვა. თანაც, დააფიცა რომ მის შესახებ არავის არაფერს ეტყოდა და აუცილებლად დაბრუნდებოდა.

დღეს ასეთი ფიცი სულელურად გამოიყურება, მაგრამ მე-16 საუკუნეში ფიცს სერიოზულად აღიქვამდნენ. ასე რომ, ქალი არც კი აპირებდა მკვლელის გაცემას, რომ არა ერთი შემთხვევა: მან ქუჩაში მოთამაშე ბავშვები დაინახა და ისტერიკულად ატირდა.

ადგილობრივმა მღვდელმა ქალი გამოკითხა და ყველაფერი ნათელი გახდა. ეს ამბავი მაშინვე შეატყობინეს ხელისუფლებას, რომელმაც რომელმაც ბოროტმოქმედის დაჭერის გეგმა შეიმუშავა. ქალი უკან დააბრუნეს და ბარდის შეკვრა გადასცეს, რომელიც გზადაგზა უნდა დაეყარა და სხვებისთვის გამოქვაბულამდე მისასვლელი ბილიკი ეჩვენებინა. „შინ“ დაბრუნებულმა კრისტმანი ღვინის დასალევად მიიწვია. კაცმა დალია და დაღლილს ჩაეძინა. ამ დროს გამოქვაბულში შეიარაღებული ქალაქელების რაზმი შეიჭრა და მანიაკი შეიპყრო. მათ გამოქვაბული დაათვალიერეს და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გვამებთან და სიმდიდრესთან ერთად, გამოქვაბულში 964 მკვლელობის შესახებ ჩანაწერებიც იპოვეს.

ცხადია, სასამართლომ მკვლელს სიკვდილი მიუსაჯა, მაგრამ თავის მოკვეთა ან ჩამოხრჩობა ზედმეტად უმტკივნეულო იქნებოდა, ამიტომ კრისტმანი დიდ ბორბალზე მიაბეს, ხელ-ფეხი დაუმტვრიეს და ასე დასახიჩრებული, ბორბალთან ერთად, ქალაქის მოედანზე ბოძზე დაამაგრეს.

ტკივილისგან რომ არ მომკვდარიყო, ყოველდღე ძლიერ  ღვინოს ასმევდნენ. როგორც ამბობენ, მერვე დღეს კრისტმანი ჭკუიდან შეიშალა და სიმღერა დაიწყო. მეცხრე დღეს ბოძიდან ჩამოხსნეს და თავი მოკვეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები