გიორგი მარგველაშვილი თსუ-ში კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის და თსუ-ს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია “ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები” მიმდინარეობს. კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრება. მან კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
“მინდა, მოგესალმოთ მეცნიერებს, რომლებიც დღეს აცოცხლებთ, სწავლობთ და სიღრმისეულად შლით იმ საკითხებს, რომელთა მნიშვნელობაც არ არის დაკარგული და მოწყვეტილი რეალობიდან, არამედ პირიქით, გავლენას ახდენს იმაზე, როგორ განვვითარდებით, როგორც საზოგადოება, როგორც კულტურა. იმ საკითხების შესწავლა, რომელიც უკავშირდება ანტიკურ კულტურას, დარწმუნებული ვარ, უფრო სწორ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს მომავალში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კულტურაში არის თავისუფლების ღირებულება, თავისუფლება, როგორც ცალკე ცნება, ცალკე ღირებულება. ეს იყო, რაც მე დავინახე ყველაზე მეტად ამ კულტურაში. სოციალური წყობა, რაც მოიტანა ანტიკამ, არის სწორედ ის, რის გადატანასაც ვცდილობთ დღეს რეალობაში, დემოკრატია სწორედ ამით არის განპირობებული. სწორედ ინდივიდის თავისუფლების გააზრებამ მოიყვანა შემდეგ საზოგადოება თანაარსებობის, სახელმწიფოს მოწყობის ამ ფორმამდე”, – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენციაზე მოხსენებას წაიკითხავს ასზე მეტი მკვლევარი საქართველოდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, ირანიდან და რუსეთიდან. კონფერენცია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომლობით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები