მსოფლიოში ყველაზე საშიში სასტუმრო ეგზოტიკის მოყვარული ტურისტების მოლოდინში

სასტუმროს არჩევისას ბევრი ჩვენგანი მის კომფორტს და მომსახურების ჩამონათვალს აფასებს, მაგრამ არსებობს მოგზაურთა კატეგორია, რომელიც არაფრით არ გაცვლის ექსტრემსა და შთაბეჭდილებებს საცურაო აუზში, ფიტნესდარბაზში ან, თუნდაც, რესტორანში, ეროვნული სამზარეულოთი. სასტუმრო The Frying Pan Tower ზუსტად ასეთ კატეგორიაზეა გათვლილი.

სასტუმრო The Frying Pan Tower-ს არ აქვს საცურაო აუზი და ჩოგბურთის მოედნები, სამაგიეროდ, იქ ყოველთვის შეიძლება ოკეანით ტკბობა და იმის თქმა, რომ ატლანტის ოკეანის ყველაზე სახიფათო ადგილზე იმყოფებოდით. ეს გადამეტება სულაც არ გახლავთ, ვინაიდან პლატფორმა, რომელიც ოკეანის თავზე არის აღმართული, მდებარეობს წერტილში, სადაც ყველაზე ხშირად მძვინვარებს შტორმი. გარდა ამისა, ოკეანე, სასტუმროს ირგვლივ, ზღვის სახიფათო ბინადრებით არის სავსე, რომელთა შორის ზვიგენების რამდენიმე სახეობაა.

სასტუმრო ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროდან 50 კილომეტრში მდებარეობს და იქ მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით ან კატერით არის შესაძლებელი, თანაც მხოლოდ ნორმალურ ამინდში, რომელიც იქ არც ისე ხშირია. ხანდახან The Frying Pan Tower-ის სტუმრები, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დიდხანს რჩებიან სასტუმროში, სანამ კარგი ამინდი დადგება.

სასტუმროს ირგვლივ მხოლოდ უსაზღვრო ოკეანეა.

სასტუმროს ისტორია მის მდებარეობაზე არანაკლებ საინტერესოა. ადრე შენობა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტს ეკუთვნოდა და შუქურის როლს ასრულებდა. 70-იანი წლების ბოლოს მისი არსებობა საჭირო აღარ იყო და შენობაც მიატოვეს.

ნაგებობა იჟანგებოდა, სანამ 2010 წელს ბიზნესმენმა, რიჩარდ ნილმა 85 000 დოლარის სანაცვლოდ არ შეიძინა. როდესაც პრესის წარმომადგენლები ეკითხებოდნენ შუქურის მფლობელს, თუ რატომ გადაწყვიტა მისი შეძენა, ნილი იცინოდა და პასუხობდა, რომ ბავშვობაში ხეზე აშენებულ სახლზე ოცნებობდა, ხოლო პლატფორმა მას ძალიან ჰგავდა.

რიჩარდს დიდი თანხის ჩადება მოუწია იმისთვის, რომ თავისი შენაძენი საცხოვრებლად გადაექცია. ახლა The Frying Pan Tower -ში ერთდროულად 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. სასტუმროში არის ერთ- და ორადგილიანი საწოლები, შხაპი, Wi-Fi, სასადილო ოთახი, ბილიარდი და გოლფის მინი მოედანიც კი. დამსვენებლებისთვის ხელმისაწვდომია ექსტრემალური გასართობიც, მაგალითად, თევზაობა ოკეანეში და წყალქვეშა ნადირობა.

რა იზიდავს ტურისტებს ამ უცნაურ და არც ისე მყუდრო სასტუმროში, სადაც, თითქმის, სულ შტორმია, ყველაფერი ჭრიალებს და ირყევა? პირველ რიგში, სტუმრებს იქ უძირო ვარსკვლავური ცა ელოდებათ. გარდა ამისა, სასტუმრო არის ადგილი, სადაც ერთდროულად შესაძლებელია საშინელი სიჩუმის და ასევე, დამანგრეველი შტორმის ხმაურის მოსმენაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები