ერთი მხეცის სამი მსხვერპლი – ქალები, რომლებმაც 9-წლიანი კოშმარი გამოიარეს
21-ე საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე სასტიკმა გამტაცებელმა და მოძალადემ, არიელ კასტრომ 2013 წელს ციხის საკანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კასტრომ სამი გოგონა ქუჩიდან გაიტაცა და ცხრა წლის განმავლობაში საკუთარ სახლში ჰყავდა გამომწყვდეული; აუპატიურებდა მათ და შეურაცხყოფას აყენებდა. ტკივილი და ტანჯვა, რომელიც ქალებმა განიცადეს, დღემდე არ აძლევთ მათ მოსვენებას.
სამმა მსხვერპლმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იქცეოდა არიელ კასტრო. ამანდა ბერი, ჯინა დეჯესუსი და მიშელ ნაიტი საზოგადოებას თავიანთ ისტორიას უზიარებენ.
მოძალადემ ისინი 2002-2004 წლებში გაიტაცა. დიდი ხნის განმავლობაში, მსხვერპლები ძალადობის, შიმშილისა და წამების ობიექტები იყვნენ. კასტრო 2013 წელს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამანდამ გაქცევა მოახერხა და მეზობლის ტელეფონით მაშველები გამოიძახა.
გამტაცებელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ციხეში ერთი თვის გატარების შემდეგ კრიმინალმა თავი მოიკლა.
მოძალადეს მსხვერპლები კლივლენდში, ოჰაიოში მდებარე სახლში ჰყავდა ჩაკეტილი. სასკოლო ავტობუსის მძღოლი ქალებს შორის ეჭვიანობასა და მტრობას თესავდა, ირჩევდა თავის ფავორიტებს, რომლებსაც მეტ საკვებსა და უკეთეს ტანსაცმელს იღებდნენ.
ამანდა ბერი სულ რაღაც 17 წლის იყო, როდესაც 2003 წლის 21 აპრილს კასტრომ ქუჩიდან გაიტაცა. ის სამსახურიდან სახლში მიდიოდა. როგორც ამანდა იხსენებს, გამტაცებელი გოგონებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდა.
ჯინა დეჯესუსი ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი გახდა. 2004 წელს იგი 14 წლის იყო. კასტრო მას თავის ფავორიტად თვლიდა და კაფედან მოტანილი საჭმლით და ახალი ტანსაცმლით „ანებივრებდა“.
მიშელ ნაიტმა საშინელებათა ისტორიის შემდეგ სახელი შეცვალა და ლილი როუზ ლი დაირქვა. კრიმინალმა ის პირველი გაიტაცა 2002 წლის 23 აგვისტოს, როდესაც მიშელი ბიძაშვილისგან სახლში ბრუნდებოდა. იმ დროს გოგონა 21 წლის იყო.
ტყვეებს ერთმანეთთან შეხვედრის უფლება მხოლოდ გუნდურად სიმღერისთვის ეძლეოდათ, ისიც ძალიან იშვიათად. სახლში მკაცრი წესები სუფევდა.
სასკოლო ავტობუსის მძღოლი არიელ კასტრო მსხვერპლს გატაცებამდე დამგზავრებას სთავაზობდა. შემდეგ გოგოები სახლში მიჰყავდა და სარდაფში ჯაჭვით აბამდა.
მან მოატყუა ამანდა ბერი და უთხრა, რომ მისი კლასელის მამა იყო და ქალიშვილთან ერთად, სასეირნოდ წაიყვანდა. შემდეგ მამაკაცმა ის თავის სახლში წაიყვანა, გააუპატიურა და ერთ-ერთ საძინებელში გამოკეტა.
ყველა გატაცებული მსხვერპლი იყო მძიმე ჯაჭვებით ბნელ, ბინძურ ოთახებში იყვნენ დაბმულნი. შხაპის მიღებას მხოლოდ კვირაში ერთხელ შეეძლოთ, კასტრო კი, მათ საკვებს შხამს უმატებდა.
მანიაკი რეგულარულად აუპატიურებდა გოგონებს 9-წლიანი ტყვეობის განმავლობაში. მიშელს ხუთი აბორტი ჰქონდა „გაკეთებული“, რაც კასტრომ მუცელზე ხტომით და ჰანტელების რტყმით მოახერხა. გადატანილი კოშმარის შემდეგ ქალს შვილი ვეღარასდროს ეყოლება.
ამანდა ბერი მოძალადისგან 20 წლის ასაკში დაორსულდა. 2006 წლის 25 დეკემბერს მან ქალიშვილი გააჩინა. იმის მიუხედავად, რომ ბავშვი ძალიან ჰგავდა მის მტანჯველს, ქალმა მისი მიღება და შეყვარება შეძლო.
2013 წლის 6 მაისს მსხვერპლებმა გამტაცებლისგან თავის დაღწევა მოახერხეს. კასტრომ ისინი სახლში მარტო დატოვა. ამანდამ შეამჩნია, რომ მოძალადეს ოთახის კარის ჩაკეტვა დაავიწყდა. მან მაშინვე აიტაცა ხელში 6 წლის ქალიშვილი და პოლიციის გამოსაძახებლად, მეზობლებთან გაიქცა. ძალიან მალე სამართალდამცავები შენობაში იყვნენ და ტყვეებს ათავისუფლებდნენ.