თემურ ჯანაშია “ციდან ჩამოვარდნილ ბრალდებას” აპროტესტებს
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია პროკურატურის მიერ დაყადაღებული ქონების შესახებ კომენტარს აკეთებს. როგორც თემურ ჯანაშია აღნიშნავს, მან ეს ქონება ჯერ კიდევ მაშინ შეიძინა, როდესაც თავად სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
„როდესაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ვასრულებდი, ეს ქონება მაშინ არის შეძენილი. ეს შემიძლია დავუსაბუთო ნებისმიერ სასამართლოს და, რა ვიცი, არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ იტყვის, რომ ეს არის სამსახურიდან მოპარული. რაც შეეხება ბრალდებას, თითიდან გამოწოვილიც არ ჰქვია ამ ყველაფერს, რაღაც ციდან ჩამოვარდნილი ბრალდებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვიყავი, აბსოლუტურად კანონის სრული დაცვით ვახორციელებდი ამ ხარჯების გაღებას. ჩემამდე ვინც იკავებდა თანამდებობას, ისიც კანონის სრული დაცვით ახორციელებდა სამსახურს და მე რომ წამოვედი სამსახურიდან, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო 8 თვის განმავლობაში და იგივეს ახორციელებდა იგივე სამსახური, სხვა თანამდებობის პირიც. ამ 8 მილიონ ლარში მოხვედრილია, დაწყებული იუშენკოს ბანაობის ფულიდან დამთავრებული პრეზიდენტის მანქანების ფული, რასაც ვიხდიდით ჩვენ საზღვარგარეთ მის გადაადგილებაში“, – აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.