როგორ შევარჩიოთ ტაბლეტი
ტაბლეტი, იგივე პლანშეტური კომპიუტერი უკვე დიდი ხანია რაც ფართოდ გამოიყენება ნებისმიერ მიმართულებაში და საჭიროების შემთხვევაში, ლეპტოპის იდეალურ ალტერნატივასაც წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა ტაბლეტის გამოყენებას პროფესიული დანიშნულებით აპირებ თუ, უბრალოდ, მოყვარული მომხმარებელი ხარ, მოწყობილობის გამოყენება მრავალმხრივია. შეგიძლია უყურო ფილმებს, გამოიყენო საოფისე დანიშნულებით, ააწყო პრეზენტაციები, ითამაშო, გაერთო ან სახატავი პლანშეტების შემთხვევაში – დახატო.
არჩევანი შენზეა, სტატიაში კი გაიგებ რა ძირითად ფუნქციებს უნდა მიაქციო ყურადღება რომ მოწყობილობა იყოს კომფორტული და ყველა შენს საჭიროებას პასუხობდეს.
რისთვის გჭირდება ტაბლეტი?
სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების შესწავლამდე, დაადგინე რისთვის გჭირდება ტაბლეტი. სამსახურისთვის გამოიყენებ, გართობისთვის თუ ყველაფრისთვის ერთად? ეს დაგეხმარება, მაქსიმალურად კონცენტრირდე იმ მნიშვნელოვანი ფუნქციების შერჩევაზე, რაც შენს ტაბლეტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
- ოპერაციული სისტემა:
ტაბლეტები, ჩვეულებრივ, მუშაობს სამი ოპერაციული სისტემიდან ერთ-ერთზე:
iOS (Apple): გთავაზობს უწყვეტ ეკოსისტემას აპების შესანიშნავი ოპტიმიზაციით
Android (Google): უზრუნველყოფს უფრო მეტ მოქნილობას და პერსონალიზაციას
Windows (Microsoft): გთავაზობს თავსებადობას დესკტოპის პროგრამულ უზრუნველყოფასთან
თითოეულ ოპერაციულ სისტემას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. აირჩიე ტაბლეტი იმ ოპერაციული სისტემის მხარდაჭერით, რომელიც შენთვის უფრო ნაცნობი და კომფორტული იქნება.
- ეკრანის ზომა და ტექნოლოგია:
ეკრანი ტაბლეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ყურადღება მიაქციე ეკრანის ზომას, გარჩევადობას (რეზოლუცია) და ჩვენების ტექნოლოგიას. აირჩიე, მინიმუმ, 1080 პიქსელიანი ეკრანი მკვეთრი ფერებით. პატარა ზომის ეკრანი პორტატულია და ჩანთით მარტივად ატარებ.
- ტაბლეტის სიმძლავრე და ეფექტურობა:
ტაბლეტის ეფექტურობა განისაზღვრება მისი პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების და შემნახველი მეხსიერების მოცულობით.
თამაშებისთვის და შედარებით, რთული დავალებების ეფექტური შესრულებისთვის, აუცილებელია, ტაბლეტს ჰქონდეს ძლიერი პროცესორი, მაგალითად, როგორებიცაა Apple-ის A-სერია ან Qualcomm Snapdragon.
იმისთვის, რომ ტაბლეტმა სწრაფად იმუშაოს, მინიმუმ, 4GB ოპერატიული მეხსიერება უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება შემნახველ, შიდა მეხსიერებას, ეს მოცულობა განსაზღვრე შენი საჭიროებების მიხედვით და ეცადე, რომ ტაბლეტს, დამატებით, მეხსიერების ბარათის მხარდაჭერაც ჰქონდეს.
- ელემენტის ხანგრძლივობა:
თუ ტაბლეტის გამოყენებას მაღალი ინტენსივობით აპირებ, ეცადე, რომ შეარჩიო მძლავრი ელემენტის მქონე მოდელი. მძლავრი ელემენტი მთელი დღის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურება. კარგი იდეა იქნება თუ კონკრეტული მოდელის შესახებ ინტერნეტში გაეცნობი მომხმარებელთა მიმოხილვებსაც.
- დაკავშირება:
ტაბლეტების უმეტესობას აქვს Wi-Fi კავშირი, მაგრამ თუ გჭირდება ინტერნეტთან წვდომა გადაადგილების პროცესშიც, განიხილე მოდელები სიმ-ბარათის მხარდაჭერით. ყურადღება მიაქციე, რომ პლანშეტს ჰქონდეს Bluetooth მხარდაჭერა უკაბელო აქსესუარებისთვის, USB-C ან Lightning პორტები დატენვისა და მონაცემთა გადაცემისთვის და დაკავშირების სხვა ფუნქციები: NFC ან HDMI, ეს ყველაფერი შენი საჭიროებებიდან გამომდინარე.
- კამერის ხარისხი:
კარგი ხარისხის ვიდეო კამერა დაგჭირდება, თუ მუშაობის პროცესში ვიდეო ზარების განხორციელება გიწევს. ყურადღება მიაქციე კამერის მეგაპიქსელების რაოდენობას, დიაფრაგმის ზომას და ისეთ დამატებით ფუნქციებს, როგორიცაა გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS) ან კამერის გაფართოების რეჟიმები.
გრაფიკული ტაბლეტები:
იმ შემთხვევაში, თუ გრაფიკული დიზაინის სწავლას აპირებ, ან პლანშეტის გამოყენებას გრაფიკული მიმართულებით გეგმავ, ბაზარზე ამ მიმართულებითაც დიდი მრავალფეროვნება გელოდება. სახატავი ტაბლეტის გამოყენებით, შექმნი გამორჩეულ ციფრულ გამოსახულებებს.
- ყურადღება მიაქციე ტაბლეტის დაჭერის მგრძნობელობას, ანუ სახატავზე გასმული ხაზების სისქეს. დაჭერის მგრძნობელობის კოეფიციენტი 300-დან 3000-მდეა. გრაფიკული მიზნებისთვის, აირჩიე, მინიმუმ, 1024 მგრძნობელობის მქონე მოწყობილობა.
- რაც უფრო დიდი ზომის იქნება გრაფიკული ტაბლეტი, მით მეტი არეალი გექნება სამუშაოდ. ამასთან, დიდი ზომის პლანშეტებს, შედარებით მაღალი გარჩევადობაც აქვთ.
- მნიშვნელოვანია, რომ ტაბლეტს ხატვისა და რედაქტირების აპლიკაციების მრავალფეროვანი მხარდაჭერა ჰქონდეს.
- მუშაობას გაგიმარტივებს პლანშეტის კალამი, რომელიც ზოგიერთ მოწყობილობას ახლავს კომპლექტაციაში.
სწორად შერჩეული ტაბლეტით შეძლებ გააუმჯობესო შენი პროდუქტიულობა, იყო მაქსიმალურად კრეატიული და მიიღო გართობის საუკეთესო გამოცდილება.
სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი