„სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯით“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს – „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯით“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსისთვის გამოყოფილი სრული ბიუჯეტი შეადგენს 260 000 ლარს და კონკურსის მიზანია საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 30-მდე პროფესიული თეატრის პოპულარიზაციის, მდგრადობისა და შემოქმედებითი პროცესის განვითარების ხელშეწყობა.
„დებულების თანახმად, საკონკურსოდ მიიღება პროექტები სადადგმო და/ან ქვეყნის შიგნით საგასტროლო ხარჯების დაფინანსების მოსაპოვებლად. ქვეყნის შიგნით საგასტროლო ხარჯით დასაფინანსებლად განიხილება მხოლოდ 2022-2024 წლებში დადგმული ახალი სპექტაკლები. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ პროფესიულ თეატრებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა, რომელიც, შესაძლებელია, შეიცავდეს ერთზე მეტი სპექტაკლის სადადგმო ხარჯის ან ერთზე მეტი გასტროლის/საგასტროლო ტურნეს დაფინანსების მოთხოვნას.
კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს, რომელიც: ითვალისწინებს ახალი დადგმის შექმნისას ინოვაციური მიდგომების/ფორმების გამოყენებას; ხელს შეუწყობს ქართული დრამატურგიის განვითარებას/პოპულარიზაციას; გულისხმობს საგასტროლო ტურნეს ორ ან მეტ ადმინისტრაციულ/გეოგრაფიულ პუნქტში.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 10 მაისიდან 2024 წლის 20 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს „ცხელი ხაზის“ საშუალებით ტელ. N: 032 2 022229 ან 593 628 884, სამუშაო საათებში. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 31 მაისისა.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს აღნიშნული კონკურსის ფარგლებში 252 000 ლარით დაფინანსდა შვიდი თეატრის პროექტი; 2022 წელს 250 000 ლარით დაფინანსდა 11 პროექტი; ხოლო 2021 წელს კონკურსის სრული ბიუჯეტი შეადგენდა 150 000 ლარს და დაფინანსდა ცხრა პროექტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh;
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები