აჭარაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბი შეიქმნა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით, პრემიერის დავალებით, აჭარაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბი შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ავრცელებს.
“გუშინ, აჭარის რეგიონში, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, მოგლეჯილია ხეები. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში მეწყრული მოვლენები დაფიქსირდა. ბათუმსა და ქობულეთში დაიტბორა ცენტრალური ქუჩები და გარეუბნები.
პრემიერის დავალებით შექმნილია სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ადგილზე იმყოფება საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე. მასთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები, რომლებიც შტაბს სტიქიის შედეგად დაზარალებული ობიექტებიდან უწყვეტ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას. აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის ზონაში განვითარებული მოვლენებისა და მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად გაავრცელებს.