პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ სამინისტროს კანონპროექტი დაუწუნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალ სქემაზე გადასვლას გულისხმობს, პარლამენტში მსჯელობის საგანი გახდა. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ სამინისტროს კანონპროექტი დაუწუნა.
როგორც „კვირას“ ვანო კიღურაძემ განუცხადა, მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის სახელწოდებაც კი არ მოსწონს. განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტზე, მასწავლებელთა სერტიფიცირების გაუქმების და ალტერნატიული მოდელის ამოქმედების წინადადებას კამათი მოჰყვა.~
„მასწავლებელთა სერტიფიცირება რომ უნდა გაუქმდეს, ამაზე არავინ დაობს. სამინისტროს და ჩემი სურვილია, რომ უნდა გადავიდეთ ახალ სქემაზე. მაგრამ შენიშვნები უამრავი მქონდა. თუნდაც კანპროექტის სახელწოდება, საერთოდ არ მომწონს. „მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის, განვითარების, და კარიერული ზრდის სქემა“, – ასე ჰქვია კანონპროექტს. განათლების სამინისტრომ იმუშავა ახალ კანონზე და პარლამენტში განსახილველად შემოიტანეს. მასწავლებელთა სერტიფიცირების საკითხი რომ შესაცვლელია, ამაზე საკამათო არაფერია, ახალი სქემა, მართლაც, დასანერგია, ეს ეჭვქვეშ არ დამიყენებია. მე მივესალმები სერტიფიცირების შეცვლის საკითხს. თუმცა, როცა გადავდივართ რაღაცა ახალ სქემაზე, ეს უნდა იყოს კარგად მოფიქრებული და კარგად აწონილ-დაწონილი. როცა ვლაპარაკობთ კანონზე, კანონზე უნდა ვისაუბროთ და არა განმარტებით სქემაზე. კანონპროექტის სახელწოდების მიხედვით, უნდა მოხდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მერე მათი წინსვლა კარიერული სქემით, რომელსაც შეიმუშავებს განათლების სამინისტრო და მერე დაამტკიცებს მთავრობა. მერე ამ სქემაზე ლაპარაკია განმარტებით ბარათში“, – აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე.
მისი თქმით, მან პასუხი ვერ მიიღო, თუ ვინ მოამზადა კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. გარდა ამისა, ვანო კიღურაძემ განხილვისას ვერ მიიღო პასუხი, თუ ვისი იდეოლოგიით მომზადდა აღნიშნული კანონი. პარლამენტარი მასწავლებელთა დიფერენციაციის კატეგორიულად წინააღმდეგია. მისი თქმით, პედაგოგთა დიფერენციაცას დიდი უკმაყოფილება მოჰყვება.
„ახალი სქემის მიხედვით, განმარტებით ბარათში საუბარია, რომ მასწავლებლები დაიყოფიან ოთხ პროფესიულ კატეგორიად: უმაღლეს კატეგორიას – მენტორი მასწავლებელი ჰქვია, ამის შემდეგ მოდის პირველი კატეგორია, რომელიც არის მკვლევარი მასწავლებელი, წარჩინებული მასწავლებელი და ბოლოს – პრაქტიკოსი მასწავლებელი. აღსანისნავია, რომ კანონში არაფერია ნათქვამი, ვინ უნდა იყოს მენტორი? ვინ არის მენტორი? ან მკვლევარი მასწავლებელი? კანონში ნათქვამია რაღაც სქემა, აქ ისეა წარმოჩენილი, რომ თითქოს ეს სქემა უკვე არსებობს და დამტკიცებულია. გარდა ამისა, მაქვს უამრავი ტექნიკური შენიშვნები. ხოლო რაც შეეხება ახალ სქემას, მასზე საერთოდ არ არის საუბარი ამ კანონპროექტში, ლაპარაკია მხოლოდ განმრტებით ბარათზე… ამბობენ, რომ გადავდივართ ახალ სქემაზე, მაგრამ როგორი იქნება და რა იქნება, ეს არ არის არსად აღნიშნული, საერთოდ, არ არის დაფიქსირებული კანონპროექტში. ვერ მივიღე პასუხი, ვისი იდეოლოგიით მომზადდა ახალი კანპროექტი. მიპასუხეს, რომ ყველა ვმუშაობდითო… უფრო მეტიც, სამინისტრომ დაწერაო… ცოტა გაუგებარია… შენობამ კანონპროექტი როგორ დაწერა?… საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ჩემი შენიშვნები გაითვალისწინონ და შემდგომ განვიხილოთ”, – განაცხადა კიღურაძემ.
კიღურაძის შენიშვნები მიუღებელი აღმოჩნდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებისთვის. მათი განმარტებით, ახალი კანონპროექტის მომზადება, მთავრობაზე მისი გატანა და შემდეგ პარლამენტისთვის წარდგენა, დროში გაიჭიმება, 2015 წლიდან კი სკოლებში მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებლები უნდა იყვნენ, და თუკი პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს ვერ განახორციელებს, ასეთ შემთხვევაში, სკოლებში მასწავლებლების დეფიციტი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები