მილიარდერმა თანასოფლელებს ვილები აუშენა, მაგრამ მათ საჩუქარი ვერ გაიყვეს – სახლები ცარიელია
2013 წელს მილიარდერმა ჩენ შენგმა 31,9 მილიონი დოლარი გამოყო მშობლიურ სოფელში 258 ძვირადღირებული ვილის ასაშენებლად. თითოეულ სამსართულიან სახლს აქვს ხუთი საძინებელი, ორი მისაღები ოთახი, ავტოფარეხი და პატარა ბაღი. ზოგი მათგანი აღჭურვილია სპორტული მოედნებით და სცენითაც კი, სხვადასხვა ღონისძიებისთვის. მშენებლობა 2016 წელს დასრულდა, მაგრამ სახლები ცარიელია.
ამის მიზეზი ჩვეულებრივი ადამიანური სიხარბე გახდა. 2013 წლის აღწერის მონაცემებით, პატარა სოფელში 190 ოჯახი იყო, მაგრამ მშენებლობის პროცესში სოფელში ახალი მოსახლეობა შემოვიდა. შემდეგ ჩენ შენგმა კიდევ 68 სახლი ააშენა, რაც ყველასთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ეს ასე არ აღმოჩნდა.
მშენებლობის გეგმის გამოცხადებისთანავე სოფლის მაცხოვრებლებმა ერთმანეთში დაიწყეს ჩხუბი, ვინ მიიღებდა საცხოვრებელს. ზოგიერთმა ოჯახმა თქვა, რომ ბევრი შვილის გაჩენას აპირებდა, ამიტომ, მეორე ვილა სჭირდებოდა. სხვებს სურდათ, ჰქონოდათ რამდენიმე სახლი, როდესაც მათი შვილები საკუთარ ოჯახებს შექმნიდნენ, სწორედ იმ სახლებში იცხოვრებდნენ. ამავე დროს, გამოჩნდნენ სოფლის ყოფილი მაცხოვრებლები, რომლებიც დიდი ხანია, საცხოვრებლად სხვაგან იყვნენ გადასული, მაგრამ „უცებ“ დაბრუნება გადაწყვიტეს და სახლებზე უფლებები მოითხოვეს.
ერთხელაც, როცა სოფელში ჩენ შენგი ჩავიდა, ადგილობრივები მას, ფაქტობრივად, თავს დაესხნენ და მოსთხოვეს, გადაეწყვიტა, თუ რამდენ სახლს მიიღებდა თითოეული ადამიანი. მამაკაცი იმდენად იყო იმედგაცრუებული თანასოფლელების საქციელით, რომ სოფელში ორი წელი საერთოდ აღარ ჩასულა.
სახლების გარდა, შენგი გეგმავდა სოფლის მახლობლად ღორის ფერმისა და ბაღების აშენებას, რითაც სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფდა, მაგრამ, სიხარბის გამო, ყველა ეს გეგმა ჩაიშალა. ამასობაში, ცარიელი სახლები ვანდალიზმის სამიზნე გახდა. ვილები ფუჭდება და უკვე სერიოზულ რემონტს საჭიროებს.