სოზარ სუბარი: როდესაც მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ში ერთი უმაღლესი დონის შეხვედრაც კი არ ყოფილა და ამ დროს გვეუბნებიან – ჩამოდით, შეგხვდებით, მაგრამ ვიზიტამდე უნდა შეაჩეროთ კონკრეტული კანონის განხილვაო, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული

„კარგად გვახსოვს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ჩავიდა, როგორი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა და რა სწრაფად გადაწყდა გარკვეული საკითხები“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის იმ განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, ამერიკამ საქართველოს მაღალი დონის შეხვედრა შესთავაზა, რაზეც ქართული მხარისგან უარი მიიღო.

სუბარი საქართველოსადმი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ს დამოკიდებულებას ადარებს საქართველო – ჩინეთის ურთიერთობას და აცხადებს, რომ ჩინეთში საქართველოს პრემიერს არა მხოლოდ უმაღლესი დონის შეხვედრა მოუწყვეს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ძალიან სწრაფად გადაწყდა. სუბარის თქმით, სწორედ ასეთ დამოკიდებულებას ელის საქართველო თავისი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება.

„მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირს არ ჰქონია უმაღლეს დონეზე შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკა არის ჩვენი დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორი, რომლისგანაც ყველაზე დიდ მხარდაჭერას ველოდებით. როდესაც ამდენი ხნის შემდეგ გვეუბნებიან – ჩამოდი, შეგხვდებით, მაგრამ ვიზიტამდე უნდა შეაჩერო კონკრეტული კანონის განხილვაო, რა თქმა უნდა, ეს ძალიან უცნაური დამოკიდებულებაა და ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ამ ფონზე კი, ყველას გვახსოვს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ჩავიდა, როგორი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა იქ და რა სწრაფად გადაწყდა გარკვეული საკითხები. ეს ეხებოდა უვიზო მიმოსვლას, პირდაპირი ფრენების გამრავალფეროვნებას და ა.შ. (თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან უფრო ადრე გვქონდა დადებული და ეს საკითხიც თავის დროზე ძალიან მარტივად მოგვარდა). ჩვენ ველოდებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ სწორედ ასეთი ტემპით გადაწყდება მსგავსი საკითხები, რომლებიც ძალიან სჭირდება საქართველოს. მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება ყოველგვარი დათქმების გარეშე, ან რაც ყველაზე მარტივია, რა უდგას წინ პირდაპირ ფრენებს?

ამერიკის შეერთებული შტატები იმდენად შორს არის ჩვენგან, რომ არ მგონია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გადამწყვეტი ეფექტი ჰქონდეს ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ ეფექტი ნამდვილად ექნება, რადგან შეერთებული შტატები ძალიან დიდი ბაზარია. იმდენად ცოტაა ის პროდუქცია, რომელიც შეიძლება ჩვენგან შევიდეს, რომ ამერიკა ამით არაფერს კარგავს, ხოლო ჩვენთვის ეს იქნება გამოწვდილი ხელი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები