როგორ ჯობია ძილი წყვილებისთვის – ერთად თუ ცალ-ცალკე

თუ დაქორწინებულებს ჰკითხავთ, როგორ სძინავთ უკეთესად – ერთად თუ ცალ-ცალკე, განსხვავებულ პასუხებს მიიღებთ, მაგრამ უმეტესობა მაინც იტყვის, რომ ერთად ძილი უფრო სასიამოვნოა. საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე ადამიანები პარტნიორის ხვრინვაზე, საბნის „მისაკუთრებაზე“, წრიალზე და სხვა ისეთ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რაც ძილის დროს დისკომფორტს ქმნის. ამ საკითხზე საკუთარი პასუხი მეცნიერებასაც აქვს.

ძილის მედიცინის ამერიკულმა აკადემიამ (AASM) შეისწავლა ერთად და განცალკევებით ძილი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მას, ვისაც საყვარელ ადამიანთან ერთად სძინავს, ძილის ხარისხიც უკეთესი აქვს და ფსიქიკური ჯანმრთელობაც. ამ კვლევისთვის მეცნიერებმა პენსილვანიაში 1007 ზრდასრული გამოკითხეს.

აღსანიშნავია, რომ კითხვები მხოლოდ პარტნიორთან ერთ ძილს არ ეხებოდა. ფსიქოლოგებს აინტერესებდათ, მოსწონდათ თუ არა რესპონდენტებს, როდესაც ბავშვები ან შინაური ცხოველები მათ საწოლში იწვნენ. ძილის ხარისხი მთელი რიგი პარამეტრების მიხედვით შეფასდა.

აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებსაც პარტნიორთან სძინავთ, თითქმის, არასდროს უჩივიან უძილობას. მათი ძილი მშვიდი იყო, იშვიათად აწუხებდათ აპნოე და ძირითადად, დასვენებულები იღვიძებდნენ. ვისაც საწოლში ბავშვი, კატა ან ძაღლი ჰყავდა, პირიქით – უარესად ეძინა და აპნოესაც უჩიოდა. ძილის ხარისხით უკმაყოფილოები იყვნენ ისინიც, ვისაც „მოუსვენარი“ პარტნიორი ჰყავდა – ხვრინავდა ან წრიალებდა.

ისინი, ვისაც მარტო ძინავთ, დაახლოებით, იმავენაირად აღწერენ თავიანთი მდგომარეობა. ისინიც ვერ ახერხებენ დაძინებას, სუნთქვის პრობლემებს უჩივიან და დილით დაღლილობას გრძნობენ.

ასე რომ, მეცნიერების დასკვნით, ერთად ძილი უკეთესია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სწორ პარტნიორს აირჩევთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები