თბილისის მერიამ ქალაქის მწვანე საფარის დაცვაზე უნდა იზრუნოს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ განცხადებას ავრცლებს. ორგანიზაციებმა „„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ , „მწვანე ალტერნატივა“, „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“, „ტფილისის ჰამქარი“, „უსაფრთხო სივრცე“, ხეების გადაბელვის საკითს გამოეხმაურნენ. ისინი თბილისის მერიას მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს ან შეამციროს ქალაქში ხეების გადაბელვის პრაქტიკა და უზრუნველყოს ხეების ფორმირების განხორციელება მხოლოდ სათანადო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც შესაბამისი ნორმატიული აქტით იქნება დამტკიცებული.
„ ქვემოთ ხელმომწერ ორგანიზაციებს გვსურს გამოვეხმაუროთ ხეების გადაბელვას თავისუფლების მოედანზე, რომელიც, სავარაუდოდ, „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მშენებლობას უკავშირდება. მწვანე საფარი, განსაკუთრებით კი დიდი ხეები, მეტად მნიშვნელოვანია ქალაქში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველსაყოფად. გარდა ვიზუალური მხარისა, ხეები ამცირებენ ქალაქის ჰაერში მავნე ნივთიერებებისა და ნაწილაკების კონცენტრაციას, ხოლო ზაფხულის თვეებში – ტემპერატურას მიმდებარე ტერიტორიაზე. ხეები ქარისა და ნიაღვრის შემაკავებელ ფუნქციასაც ასრულებენ. ყოველივე ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისში, სადაც ზაფხულის თვეები განსაკუთრებით ცხელია, ხოლო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი – მაღალი (ავტოტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობისა და საწვავის ხარისხის კონტროლის არასებობის გამო). ხეების ფორმირება, რაც ტოტების ნაწილის (როგორც წესი, გამხმარი და დაზიანებული ტოტების) მოჭრას გულისხმობს, ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც მწვანე საფარის მოვლის მხრივ მსოფლიოს მოწინავე ქალაქებშიც ხშირად გამოიყენება. ამისგან განსხვავებით, ხეების გადაბელვა (რაც ხის გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრას ნიშნავს) მცენარის განვითარებაში რადიკალურ ჩარევას გულისხმობს და იმავე მისაბაძ ქალაქებში იშვიათად გამოიყენება ან სულაც აკრძალულია (იხ. მაგალითად, ნიუ-იორკში ხეების დარგვისა და მოვლის ოფიციალური სტანდარტები). ამის მიზეზი ის არის, რომ ხეების გადაბელვას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს (ჩრდილისა და ხის სხვა სასარგებლო ფუნქციების დაკარგვა ან შემცირება, დაავადებების შედეგად ხის ადრეული ხმობის რისკის ზრდა), ხოლო მისი სარგებლიანობა მეტად საეჭვოა.
გადაბელვის პრაქტიკის მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ახალმა უფროსმა ბიძინა გიორგობიანმაც გამოხატა ჟურნალ „ლიბერალში“ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ასევე აღსანიშნავია, რომ რადგანაც ხეების გადაბელვა, როგორც წესი, ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება, საბიუჯეტო სახსრების უყაირათო ხარჯვაზე დაკორუფციის საფრთხეზეც კი შეიძლება საუბარი. ამდენად, თუკი ხეების გადაბელვა თბილისში საერთოდ იქნება დაშვებული, ის მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა იყოს გამოყენებული და ეს შემთხვევები შესაბამის კანონმდებლობაში უნდა იყოს გაწერილი. სამწუხაროდ, უკვე მრავალი წელია თბილისში ხეების გადაბელვაც და ზოგადად მწვანე საფარის მართვაც სრულიად ქაოსურად და გაუაზრებლად, ერთიანი გეგმისა და სტანდარტების გარეშე ხორციელდება. შედეგად, მუდმივად მცირდება ქალაქის მწვანე საფარი, ხოლო დარჩენილი მცენარეების მდგომარეობა სავალალოა. ცალკე გამოყოფას იმსახურებს სამშენებლო სამუშაოების დროს ქალაქის მწვანე საფარის დაცვის პრობლემა. თბილისში ხშირია ამა თუ იმ ობიექტის მშენებლობისას მიმდებარე ტროტუარზე არსებული ხეების გადაბელვა ან მოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ტროტუარი და ხეები, ცხადია, ამ მშენებლობების მწარმოებელი კომპანიების საკუთრებას არ წარმოადგენს. ამავე დროს, ასობით დიდი ხე შეეწირა თავად ქალაქის ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში წარმოებულ სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც, რომელთა დაგეგმვის პროცესში მწვანე საფარის შენარჩუნების აუცილებლობა გათვალისწინებული არ ყოფილა. ამგვარი გაუაზრებელი და თვითნებური გადაწყვეტილებები განსაკუთრებით დაუშვებელია, როდესაც საქმე თბილისის ცენტრალური მოედნის იერსახეს ეხება. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ხეების გადაბელვა ყოფილი ცეკავშირის შენობის დემონტაჟით დაკავებული კომპანიის მოთხოვნით მოხდა, რადგანაც მათ გამოცლილი ჰქონდა საყრდენი ერთი მხრიდან და არსებობდა მათი წაქცევის საფრთხე. თუ ეს, მართლაც, ასეა, მაშინ აშკარაა ქალაქის კუთვნილი ხეების დაზიანება კერძო კომპანიის მხრიდან და აუციელებელია, რომ მერიამ, ერთი მხრივ, სათანადო სანქციებს მიმართოს ამ კომპანიის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს წესები, რომლებიც მსგავსი სამუშაოების დროს ქალაქის მწვანე საფარის დაცვას უზრუნველყოფს. მოვუწოდებთ თბილისის მერიას, რომ შეწყვიტოს ან მინიმუმამდე შეამციროს ქალაქში ხეების გადაბელვის პრაქტიკა და უზრუნველყოს ხეების ფორმირების განხორციელება მხოლოდ სათანადო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც შესაბამისი ნორმატიული აქტით იქნება დამტკიცებული. ასევე მნიშვნელოვანია ზედამხედველობა კერძო დეველოპერების საქმიანობაზე სამშენებლო სამუშაოებისას თბილისის მწვანე საფარის დაცვის მიზნით. ეს ნაბიჯები მით უფრო ლოგიკური იქნებოდა თბილისის ახალი მერის წინასაარჩევნო დაპირებების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.