ირაკლი ალასანია ამერიკის არმიის მდივანს შეხვდა

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის არმიის მდივანი ჯონ მაკჰიუ იმყოფება.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ამერიკელი სტუმარი საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. არმიის მდივანმა აღნიშნა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოხატა, რომ აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.
მხარეები ევროპაში აშშ-ის არმიასა და საქართველოს შეიარაღებული ძალებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასაც შეეხნენ. ხაზი გაესვა ქართველი ოფიცრებისა და სერჟანტებისთვის მომავალში საშტაბო ტრენინგების ჩატარების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეგელის საქართველოში ვიზიტზე გამახვილდა.
ირაკლი ალასანიას თქმით, ამერიკელმა კოლეგამ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტით განსაზღვრული მიმართულებების იმპლემენტაციაში მხარდაჭერა აღუთქვა.
ასევე განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონალური უსაფრთხოება და უკრაინის კრიზისი იყო. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო ყირიმის ანექსია და რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში.
ყურადღება გამახვილდა ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაზეც.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ქართული სამხედრო კონტინგენტი 2015 წლიდან „გადამწვეტი მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთვება.
აშშ-ის არმიის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი სამხედროების მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის როლი დაჭრილი ქართველი სამხედროების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში, ასევე, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში სარეაბილიტაციო შესაძლებლობების განვითარებაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის არმიის მდივანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები