მამუკა მდინარაძე: ჩემს სადისერტაციო ნაშრომს ეძებენ ახლა „ენჯეოების“ დავალებით, იქნებ, რაღაც ისეთი ფრაზა მაინც აღმოვაჩინოთ, რომ ამით მაინც გავაფუჭოთო

“ბოლო დღეებში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პროვოკაციული ფონი შექმნან, მაგრამ საბედნიეროდ ვერ ახერხებენ”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე საუბრისას განაცხადა.

“რა თქმა უნდა, პროვოკაციას მათგან ყოველთვის ველოდებით, თუმცა რას გაბედავენ და რას ვერა, მეორე საკითხია. ბოლო დღეებში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პროვოკაციული ფონი შექმნან, მაგრამ საბედნიეროდ ვერ ახერხებენ. კონკრეტულ ადამიანებზე მუშაობენ, ვინც კი შეიძლება აქციაზე იყოს ხვალ. ჩვენზე აღარ ვლაპარაკობ. პირადად ჩემზე ახალი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ, რომ ეძებენ ჩემს სადისერტაციო ნაშრომს. თუკი ვინმე ეძებეს, ვიდეოც მაქვს და იმასაც მივაწვდი. „იქნებ, რაღაც ისეთი ფრაზა მაინც აღმოვაჩინოთ, რომ ამით მაინც გავაფუჭოთ“ – ვციტირებ. გვაქვს ეს ინფორმაცია. ჩემს სადისერტაციო ნაშრომს ეძებენ ახლა „ენჯეოების“ დავალებით („ენჯეოებს“ თავისი დამვალებლები ჰყავთ კიდევ), რომ ამ საკითხის მომხსენებელი „რამენაირად გავაფუჭოთ“. ვიდეო მაქვს. კრიტიკულ მედიას მივმართავ, ვიდეოს თავიდან ბოლომდე მოგაწვდით, ვიღაცას ინტერესი აქვს, როგორც ჩანს და ვერაფერს ნახავთ იქ ისეთს, თქვენ რომ გამოგადგებათ. აი ასეთ დონეზე ჩადიან, სიღრმეებში, რომ რამენაირად ჩირქი მოცხონ ადამიანს.

შალვა პაპუაშვილს რას უკეთებენ? ჯერ ბოდიში მოუხადეს, ახლა ახალი ტალღა დაძრეს ”ფეიკის”. ჩვენ ამას გავუძლებთ. ამ ფეიკებსაც გავუძლებთ, მაგრამ მოქალაქეებს თავი დაანებონ. ის ადამიანები, რომლებიც თავად არიან ამ ქვეყნის ღალატში მხილებულები, და იმისათვის, რომ ლომჯარიამ, გიგაურმა და მათნაირმა რამდენიმე ადამიანმა თავისი ორგანიზაციის დეკლარაცია არ შეავსონ, პრაქტიკულად მთელს საქართველოს მოღალატეებს ეძახიან. რაღაც ვიწრო ჯგუფი დარჩა. ისინი ძალადობენ სხვებზე და მოღალატეებს ეძახიან, იმიტომ რომ ხალხს თავისი აზრი აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები