მამუკა მდინარაძე: ყველაფრით ცდილობენ, რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ – ამ შეკრებაზე ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ ენდომება დასწრება, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს მივმართავ, თუ წამოსვლა არ გნებავთ, იქ არ უნდა იყოთ

“აბსოლუტური ისტერიაა მეორე მხრიდან. მაგალითად ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა ამ ეროვნულ შეკრებაში მონაწილეობას და თუკი რაიმე გზა არსებობის, ყველაფრით ცდილობენ რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეებს, რომ თუ სურვილი არ აქვთ ხვალინდელ შეკრებაზე დასწრების, არ მივიდნენ.

„გარანტიას გაძლევთ, რომ იურიდიულ კომიტეტზე კვლავ ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნება წარმოდგენილი. მიუხედავად იმ ისტერიული კამპანიისა, დაბუსტული პოსტებისა და ძალით გარეკლამებული საკითხებისა (დიახ ჩვენც ვბუსტავთ გარკვეულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ) მაგრამ, ამავდროულად, აბსოლუტური ისტერიაა მეორე მხრიდან. მაგალითად ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა ამ ეროვნულ შეკრებაში მონაწილეობას და თუკი რაიმე გზა არსებობის, ყველაფრით ცდილობენ რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ, ცდილობენ რომ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, რუსული გახადონ. წელს საბედნიეროდ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ადამიანების უმეტესობა გაიგო რასთან აქვთ საქმე, რომ შეუძლებელია გამჭვირვალობა იყოს რუსული და გაუმჭვირვალობა ევროპული. ევროპას და ევროპულობის აღქმას ყველაზე მეტად ის ადამიანები აზიანებენ, რომლებიც ევროპარლამენტიდან და ჩვენი ქვეყნის შიგნიდან გვეუბნებიან, რომ თუ გამჭვირვალობა იქნება, ეს არაევროპულია, მაშინ ჩვენ სანქციებზე ვიფიქრებთ, თქვენს წინააღმდეგ ვიქნებითო. გვიწერენ რეზოლუციაში, რომელსაც ფასიც აღარ აქვს, თითს გვიქნევენ, თურმე ჩვენ ქვეყანაში, ასეთი კულტურის, მენტალობის და ტრადიციების ხალხში, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის უფლება არ გვაქვს, თურმე ამ ადამიანების უფლებები და პროპაგანდა არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და თურმე გამჭვირვალობის კანონი არ უნდა მივიღოთ. გამჭვირვალობა, ტრადიციული ღირებულებების დაცვა , უფლებებისა და პროპაგანდის ერთმანეთისგან გამიჯვნაა რუსული? რატომ არეკლამებენ ასე რუსეთს? ამ დროს მტრის, ოკუპანტის საქმეს ვინ აკეთებს, ქართველი ხალხი ბოლოში სწორ ანალიზს აკეთებს, ქართველი ხალხი ხვალ თავის სიტყვას იტყვის. არ იქნება ოჯახი, რომლის წარმომადგენელიც იმ აქციაზე არ იდგება, არ იქნება სოფელი, დაბა, მუნიციპალიტეტი, რომლის ძალიან ღირსეული წარმომადგენელიც იქ არ იქნება. ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ ენდომება დასწრება, ყველა თათბირზე ვამბობდი, რომ არცერთი ადამიანი არც კი დაარწმუნოთ, რომ წამოვიდნენ, თუ წამოსვლა არ უნდათ. აქვე მივმართავ ყველას,საჯარო მოხელე იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, თუკი ფიქრობს, რომ იქ არ უნდა იყოს, არათუ პრობლემა შეექმნება, კითხვასაც კი არავინ დაუსვამს, რატომ არ მოდის. განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს მივმართავ, თუ ხვალ წამოსვლა არ გნებავთ, იქ არ უნდა იყოთ. თუკი ვინმე იტყვის, რომ მე ძალით წამომიყვანესო, ეს იქნება დადგმული პროვოკაცია ნაცმოძრაობის, მათი ტელევიზიების და მდიდარი ენჯეოების. არცერთი ადამიანი არ უნდა ვნახოთ იქ, ვისაც არ აქვს დასწრების სურვილი“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები