საქართველოში დღეს ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი ჩამოვა

საქართველოს ლიტვის პარლამენტის ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი ეწვევა. ლიტველი დეპუტატები ვიზიტს პრომეთეს მღვიმის დათვალიერებით დაიწყებენ, ქართველ კოლეგებს და მთავრობის წარმომადგენლებს 23 სექტემბერს შეხვდებიან. თავდაპირველად შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძესთან და საქართველოს პარლამენტის საქართველო-ლიტვის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ვალერი გელაშვილთან გაიმართება.
შეხვედრა ასევე დაგეგმილია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკისთან და პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან. პარლამენტის წევრების გარდა, ლიტველი დეპუტატები შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილს და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მარიამ რაქვიაშვილს. დელეგაცია თბილისს 24 სექტემბერს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები